კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ. ხოვლეში მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია აგებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. დარბაზული ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრითაა დარბაზისგან გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომლის წირთხლები გარეთკენ ვიწროვდება.
საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში იატაკიდან ოდნავ მოცილებული მაღალი და ღრმა ცილინდრული ფორმის თაღოვანი ნიშებია. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრებია რომელთაც კამარის საბჯენი თაღი უნდა დაყრდნობოდა. შესაბამისად, პილასტრის ქვედა საფეხურიდან კედლის დეკორატიული თაღები უნდა შეკრულიყო. დასავლეთი კედლის კიდეებში ნახევარპილასტრები ყოფილა.
ძეგლი ძლიერ დაზიანებულია და ცუდადაა კონსერვირებული, თუმცა მაინც აქვს შერჩენილი გარკვეული მახასიათებლები, რის გამოც შესაძლოა მისთვის ძეგლის სტატუსის განსაზღვრა: სიძველე, სარკმლისა და ნიშების ფორმები, პილასტრის ფორმა.
www.travelingeorgia.ge