მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუნწში მდებარე ხუნწის ციხეზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების მომდევნო ეტაპი დასრულდა. ციხის ადგილმდებარეობას შემსწავლელი ექსპედიციის წევრები დიდი ალბათობით ისტორიულ ონოგურისთან აიგივებენ.
კულტურული მემკვიდრეობის ახ. წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეების დროინდელ ძეგლზე კვლევა დანგრეული ციხის აღმოსავლეთ გალავნის საძირკვლის 17 მეტრიანი მონაკვეთის, კოშკის ნაშთისა და ციტადელში მდებარე ნაგებობის ნანგრევების გაწმენდასა და სამეცნიერო შესწავლას მოიცავდა.
1.7 მეტრის სიგანის მქონე გალავანის შესწავლისას გამოვლენილი ქვების წყობას სპეციალისტები დანგრეული გალავანის ფუნდამენტს მიაწერენ.
ექსპედიციის წევრებმა გაწმინდეს და აზომეს ხუნწის ციხის კოშკის შემორჩენილი ნაწილი. 4.3 მ-ის შერჩენილი სიმაღლის, 6.8 მსიგრძისა და 4.8 მ სიგანის მქონე მართკუთხა ნაგებობას კარგად გათლილი კირქვით ამოშენებული საპირე წყობა აქვს. კოშკის შვერილ წყობას არქეოლოგები შუასაუკუნეების ფორტიფიკაციებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად ახასიათებენ, რაც მტრის იერიშის ადვილად მოსაგერიებლად იყო განკუთვნილი.
ტაძრის დარბაზის იატაკის ქვეშ აღმოჩნდა თაღოვანი საძვალე. მასთან ერთად ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან გაწმენდილ აგურითა და ქვით ნაგებ სარკოფაგში დაკრძალული ოთხი მიცვალებულიც. გამოვლინდა ასევე ორმოსამარხი.
ტაძარს რამდენიმე გადაკეთების კვალი ატყვია.
ციხის არქეოლოგიური კვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით და ორგანიზებით 2015 წლიდან მიმდინარეობს და როგორც სააგენტოში ამბობენ, მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამუშაოებმა ციხის გალავნის სხვადასხვა მონაკვეთი უნდა გამოავლინოს. საქართველოს ეროვნული მეზეუმის არქეოლოგთა ექსპედიცია, რომელსაც კვლავაც არქეოლოგიის დოქტორები - ნიკოლოზ მურღულია და ბესიკ ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებენ, დამატებით შეისწავლის ციხის კოშკსა და მის მიმდებარე არეალს. სრულყოფილად შეისწავლება კომპლექსის ციტადელში გამოვლენილი ტაძრის საძვალე, დარბაზი და მიმდებარე ტერიტორია.
VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი ბიზანტიასა და სასანიანთა ირანს შორის დასავლეთ საქართველოში დაწყებული საომარი ოპერაციების დროს რამდენჯერმე იხსენიებს ონოგურისის ციხეს, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ როგორც ბიზანტიელები, ასევე ირანელები.
www.travelingeorgia.ge