5 ივლისის მოვლენებმა ადგილობრივებთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებაც გამოიწვია. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად იმოქმედა დაპირისპირებამ თბილისის მრავალნომრიანი სასტუმროების დატვირთულობაზე, ვიზიტორების განწყობაზე და ჯავშნებზე.
ამბასადორი თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კომერსანტს უთხრეს, რომ გასული წლის ჩავარდნის შემდეგ დატვირთვა ივნისში 75%–მდე გაიზარდა და 5 ივლისის მოვლენები ჯავშნებზე პრაქტიკულად არ ასახულა.
„თბილისში ტურისტების რაოდენობას თუ შევადარებთ შარშანდელ ამ პერიოდს, ზრდა არის ძალიან დიდი, რადგან შარშან ტურისტი საერთოდ არ გვყავდა, მაგრამ თუ შევადარებთ 2019 წელს, რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ პოზიციებისგან, რაც მაშინ გვქონდა. ივნისში 75 პროცენტამდეც კი ავიდა ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა, რაც სასიხარულოა.
ზოგადად, ჯავშნები ყოველთვის უქმდება რაღაც პროცენტულობით, მაგრამ ველოდებით მატებას და მაღალი დატვირთულობის შენარჩუნებას და არა გაუქმებას. დინამიკა რის იმედისმომცემი და იმედია, არ გაუარესდება მოდგომარება და არ იმოქმედებს სფეროზე“, - განმარტავენ სასტუმრო „ამბასადორი თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
დამოუკიდებელ საქართველოში ერთ–ერთ უძველეს მაღალი კლასის სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასშიც არ არ შეფერხებულა მომსახურების პროცესი და კომპლექსი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.
„სასტუმრო არ მდებარეობს ქალაქის ცენტრში. შესაბამისად, მიმდინარე მოვლენებს არ ჰქონია გავლენა არც ჯავშნებზე და არც სასტუმროში მყოფ ვიზიტორებზე“, - ამბობენ შერატონ გრანდ მეტეხი პალასში.
5 ივლისს, როდესაც ღირსების მარშის გამართვა იყო გამოცხადებული, სიძულვილის ჯგუფებმა თბილისის ქუჩებში დაიწყეს შეკრება. ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ, მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ტექნიკას უზიანებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, სულ 55 პირი დაშავდა, რომელთაგან 53 ჟურნალისტი და ოპერატორები არიან. იმავე დღეს ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი ცივი იარაღით დაჭრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომაროებაც ამჟამად სტაბილურია.
commersant.ge