ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსის მინიჭებამ "გისტოლა" რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასტუმროდ აქცია"
23 იანვარი, 2024

მესტიაში ერთადერთ 5 ვარსკვლავიან სასტუმრო ,,გისტოლას" სერვისებზე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს.

სასტუმროს დირექტორი შოთა ფიფია ,,ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ საახალწლოდ სასტუმრო 100%-ით იყო დატვირთული, თებერვლის ჯავშნები მიღებულია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 30%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, შოთა ფიფიას ინფორმაციით, ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია.

"სასტუმრო ძირითადად მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტზეა გათვლილი, რომლის რაოდენობაც წლიდან წლამდე მზარდია.

მომხმარებელს უმაღლესი დონის, კომფორტულ და მათ ინტერესებზე მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ, შესაბამისად, დიდია ინტერესი. ციფრებშიც შთამბეჭდავი ზრდა გვაქვს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თებერვალში ჯავშნები უკვე 30%-ით მეტია, საახალწლოდ კი 100%-იანი დატვირთვით ვიმუშავეთ და ზრდად ტენდენციას ვაგრძელებთ ზაფხულშიც, მომავალი სეზონისთვის ადგილების 80% დაჯავშნილია", - განმარტავს შოთა ფიფია.

როგორც ცნობილია, დააახლოებით ერთი თვის წინ ,,გისტოლას" 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსი მიენიჭა.

სასტუმროს დირექტორი ,,ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, თუ რამ განაპირობა 4 ვარსკვლავიანიდან 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს კატეგორიაში გადასვლა და კონკრეტულად რა ფაქტორებმა იქონია გავლენა.

,,რეგიონში ,,გისტოლა" ერთადერთი 5 -ვარსკვლავიან სასტუმროს  წარმოადგენს. ამ კატეგორიის მოსაპოვებლად დიდი შრომა და რესურსი ჩავდეთ. წელს კი ყველაზე მოთხოვნადი ოლიმპიური სტანდარტის აუზი გავხსენით და უკვე შეიძლება ითქვას, ყველა სეზონზე ყველანაირი სეგმენტს მორგებული სტუმარს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ.

მინდა აღვნიშნო ფაქტი, რომ სერვისის თვალსაზრისით სასტუმროს მართვა დიდი ჯაჭვური სისტემაა. ამაში მონაწილეობას მთელი გუნდი იღებს. სტუმარს, პირველ რიგში, კარგი მომსახურება უნდა დახვდეს მიმღებში, სადაც თავისი ოთახის კუთვნილ ბარათს იღებს, ნომერში სასურველ აღჭურვილობასთან ერთად უნდა დახვდეს უნიკალური სისუფთავე, შემდეგ რესტორანში გემრიელ საკვებთან ერთად მომსახურებაც მაღალი დონით უნდა გამოირჩეოდეს. ამისთვის ყველა დეპარტამენტი უნდა იყოს მობილიზებული და მაქსიმალურად ყურადღებიანი, თუკი სადმე მოხდა ჩავარდნა, შესაძლოა მთელ სასტუმროზე უარყოფითად აისახოს.  მისი მართვა მთელი ჯაჭვური სისტემაა, რასაც მენეჯმენტმა კარგად გაართვა თავი", - აცხადებს შოთა ფიფია.

ამდენად, როგორც სასტუმროს დირექტორი აღნიშნავს, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსის მინიჭებამ ,,გისტოლა" რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასტუმროდ აქცია, განსაკუთრებით კი მაღალმხარჯველი ტურისტების ინტერესი გაზარდა.

,,წარმატებას ჩვენი თანამშრომლების ღვაწლით, მონდომებით და შრომის შედეგად მივაღწიეთ. უფრო მეტი პასუხისმგებლობაა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსის შენარჩუნება, აქაც გუნდური პრინციპია, კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მივეცით თანამშრომლებს. ამან განაპირობა, რომ  ყველა რგოლს (დეპარტამენტს ) დღესდღეობით ხელმძღვანელობენ  კადრები, რომლებიც თავიდან  რიგით თანამშრომლებს წარმოადგენდნენ.  ასე გავხდით მაღალი დონის სასტუმრო და ვინარჩუნებთ ხარისხიან სერვისს, რაც ,,გისტოლამ" დაამკვიდრა", - დასძინა ,,ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას შოთა ფიფიამ.

ცნობისთვის, Hotel Gistola in Mestia მესტიაში 2021 წელს გაიხსნა. სასტუმროს სახელწოდებად „გისტოლა“ მესტიაში, უშბაზე მაღალი მყინვარწვერის სახელიდან გამომდინარე შეირჩა, რომელიც ზღვის დონიდან 4 860 მეტრზეა.

სასტუმროს თანამშრომლების ნახევარი ადგილობრივი მოსახლეობაა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.