ხვამლის მთის კომპლექსზე ნატოს სამშვიდობო მისიების სამხედროების რესოციალიზაციის პროგრამა მიმდინარეობს
ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა მიმდინარეობს.
სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებში სამხედროების ჩართვის პროექტს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო მესამედ ახორციელებს. ოფიცრების ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებში.
ხვამლის მთის კვლევა-ძიების 1 თვიან პროცესში 7 ქართველი ვეტერანი სამხედროა ჩართული.
კულტურული მემკბიდრეოის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვამლის პლატოსა და მის ფერდობებზე მდებარე არქეოლოგიური ობიექტების შესწავლას მეცნიერები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენების, უძველესი მატელურგიული კერების არსებობის, ხვამლის გამოქვაბულების დანიშნულების - მათი ქრონოლოგიისა და სტრატიგრაფიის, აღმოსავლური და დასავლური კულტურების ურთიერთკვეთის საკითხების გარკვევასთან აკავშირებენ.
ძეგლზე აღმოჩენილი მასალის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ძვ.წ I ათასწ. I ნახევარსა და რომაულ, ადრეშუასაუკუნეებისა და განვითარებულ ფეოდალურ პერიოდებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოჩენილი „ირაკურის ქვა“ რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ მოეპოვება.
დაზვერვითი სამუშაოების საფუძველზე არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესის შედეგად ხვამლის მთაზე მოძიებული არტეფაქტების კავკასიის უნიკალურ არქიტექტურული კომპლექსებთან სისტემატიზაცია გახდება შესაძლებელი.
რესოციოლიზაციის ანალოგიური პროგრამა სააგენტოს ორგანიზებით ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსზე უკვე განხორციელდა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ვინჩესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამაზე მოსწავლე სამი ბრიტანელი ვეტერანი ჯარისკაციც მონაწილეობდა.
ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.
www.travelingeorgia.ge