ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ხვანჭკარის“ ბრენდის კომერციალიზაციისთვის ასოციაცია სექტემბერში შეიქმნება“
15 აგვისტო, 2017

2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი ადგილწარმოშობის ადგილზე მოხდება, მანამდე კი ბრენდის კომერციალიზაციისთვის ასოციაცია შეიქმნება. როგორც "კომერსანტთან" საუბრისას საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა, ასოციაციის შექმნა ადგილზე „ხვანჭკარის“ წარმოების განვითარებასა და ექსპორტის პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს“.

მისივე თქმით, ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები „ხვანჭკარასთან“ დაკავშირებით, ორ-სამ კვირაში ოფიციალურად გამოქვეყნდება და უკვე სექტემბერში ასოციაცია შექმნილი იქნება.

“ასოციაციის შექმნა ჩვენი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოის ერთობლივი პროექტია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოგვმართა ტექნიკურ რეგლამენტში „ხვანჭკარასთან“ დაკავშირებით ცვლილებების შეტანის შესახებ, რომ მოხდეს ზონის დაკეტვა. ბრძანება ხელმოწერილია და მაქსიმუმ ორი-სამი კვირის განმავლობაში „საკანონმდელო მაცნეში“ გამოქვეყნდება. ამის შემდეგ ზონა ჩაიკეტება და მეწარმეებთან და მეღვინეებთან დანარჩენი პროცედურების გავლა დაიწყება. ჩვენ ვეხმარებით მეღვინეებს და მწარმოებელებს იმაში, რომ ორგანიზებულად მოახდინონ „ხვანჭკარის“ პოპულარიზაცია, გაცვლა და დისტრიბუცია, როგორც საქართველოს, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს რთველი ძველი სტანდარტით გადაივლის. როგორც კი რთველი დასრულდება, დაიწყება ახალი ინსტიტუციიების შექმნა და შემდეგ რთველზე უფრო მომზადებულები ვიქნებით“, - აღნიშნა გოგილიძემ.

მისი თქმით, ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი „ხვანჭკარის“ წარმოების განვითარება და ექსპორტის პოტენციალის გაზრდაა.

 „ასოციაციის შექმნა ადგილზე „ხვანჭკარის“ წარმოების განვითარებას და ექსპორტის პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს. ეს ორი მთავარი მიზანი არსებობს. ზოგადად „ხვანჭაკარაზე“ მოთხოვნა მზარდია. ჩინეთის, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალტიისპირეთის ბაზრებზე განსაკუთრებით პოპულარულია. ზონის დაკეტვით, ასოციაციის შექმნის და „ხვანჭკარის“ ადგილზე წარმოებით დადებითი მოხდება ის, რომ დამატებითი ღირებულება, რაც „ხვანჭკარას“ აქვს, როგორც ბრენდს, მთლიანად რეგიონში დარჩება, ანუ რეგიონში განვითარდება ქარხნები და ყველა პროცესი იქ იწარმოება.  ეს იქნება დამატებითი შემოსავლის წყაროც“, - აღნიშნა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ.

„ხვანჭკარა ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში  - 413 823 ბოთლით მეოთხე ადგილზეა. ნიკოლოზ გოგილიძის თქმით, სურვილი, რომ პირველ ადგილზე იყოს, არის, თუმცა მისი რაოდენობა შეზღუდულია: „ამ ეტაპზე „ხვანჭკარა“ ხუთეულშია. სურვილი გვაქვს, რომ პირველზე გადავიდეს, მაგრამ ფიზიკურად ვერ გადავა იმიტომ, რომ რაოდენობა შეზღუდულია. გვინდა, რომ შეზღუდული რაოდენობის გამო, მისი ფასის აწევა მოხდეს.“

რაც შეეხება „ხვანჭკარის“ ფალსიფიკაციის ფაქტებს, გოგილიძე განმარტავს, რომ ახალი ასოციაცია  გაყალბების ფაქტების თავიდან ასაცილებლად იმუშავებს, მაგრამ პრობლემას მთლიანად ვერ აღმოფხვრის.

„გაყალბების თავიდან ასაცილებლად ასოციაცია ჩვენთან ერთად იმუშავებს, მაგრამ გაყალბება ისეთი თემაა, რომ სულ ხდება. ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის საჭიროა. „საქტპატენტი“ ასეთ ფაქტებს ავლენს, აღკვეთავს, მაგრამ მერე მაინც ხდება. სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით“, - განმარტა ნიკოლოზ გოგილიძემ.

რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლე იქნება რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. „ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ ვადას, რომ 2019 წლისთვის დაიჭირონ თადარიგი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.