აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი „გომარდული“ ტურისტებს ვერც წლევანდელ ზამთრის სეზონზე უმასპინძლებს. როგორც „კომერსანტს“ სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ დირექტორმა ჯემალ დარჩიძემ განუცხადა, კომპანიის ქონება კვლავ დაყადაღებულია.
„2 წელია „გომარდული“ არ მუშაობს. ველოდებით, რას გადაწყვეტს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო. განაცხადი გვაქვს გაკეთებული, რომ ჩამოგვაწერონ დაკისრებული დავალიანება. კომპანიას არანაირი შემოსავალი არ აქვს და დავალიანების გადახდას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე, დავალიანების გადახდაზე საუბარი შეუძლებელია. განაცხადი გავაკეთოთ, რომ ყადაღა მოიხსნას, კურორტს ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცეს და დავალიანება ეტაპობრივად დავფაროთ. ჯერჯერობით, დადებითი პასუხი არ გვაქვს“, - აცხადებს ჯემალ დარჩიძე.
მისივე ინფორმაციით, კურორტი ვიზიტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველია და „გომარდულით“ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები არიან დაინტერესებულები.
„ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს და აინტერესებთ, რა შეთავაზებები გვაქვს. თოვლის საფარიც უკვე საკმაოდ დიდია. ინფრასტრუქტურაც მოწყობილია, სათხლამურო გზა და სახლები მზად არის სტუმრების მისაღებად, თუმცა მუშაობას ვერ ვახერხებთ და კურორტი კვლავ უფუნქციოდ არის დარჩენილი“, - ამბობს „გომარდულის“ დირექტორი.
დარჩიძის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა აქციონერებს საბიუჯეტო დავალიანებადააკისრა მიწის გადასახადის სახით, 126 000 ლარის ოდენობით, რასაც 2011 წლისშეთანხმება არ ითვალისწინებდა.
დარჩიძე აცხადებს, რომ 2011 წლის ივლისში მათ 52 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურფასად, 1 ლარად გადაეცათ მფლობელობაში. იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილსააკაშვილთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, სააქციო საზოგადოება „გომარდული"მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადისგან თავისუფალი უნდაყოფილიყო. თუმცა ორი წლის წინ დაკისრებული 126 000 ლარის ოდენობის ჯარიმისგადაუხდელობის გამო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოების მფლობელობაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონება დაყადაღდა.
კურორტი გომარდული აჭარაში, ბათუმიდან 74 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ 300 მეტრიანი სათხილამურო ტრასა და 250 მეტრიანი საბაგიროგზა ფუნქციონირებს. 2015 წლისთვის კურორტზე 2 500 მეტრიანი სათხილამურო ტრასა და 2000 მეტრიანი საბაგირო გაკეთებულიყო. აქვე იგეგმებოდა საციგურაო მოედნის და ექსტრიმცენტრის გახსნა, რომელიც რეგიონში ალპინიზმის განვითარებას შეუწყობდა ხელს. თუმცა ამ დროისთის, სააქციო საზოგადოება არანაირი ვერანაირი ინვესტიციის განხორციელებას ვეღარ ახერხებს და კურორტი უფუნქციოდ არის დარჩენილი.
ამ საკითხის გასარკვევად, „კომერსანტი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სააქციო საზოგადოებას შემოსავლების სამსახურთან აქვს დავალიანება.
„სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ გარკვეული დავალიანება აქვს შემოსავლების სამსახურთან. თუ ისინი შემოსავლების სამსახურთან შესაბამის აქტს გააფორმებენ, დავალიანებასთან დაკავშირებით, აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრო მზად არის, რომ ხელშეკრულებას გადახედოს. თუ მათ შორის ვალდებულებების ნაწილში საკითხის გარკვევა მოხდება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ხელშეკრულების ნაწილში განვიხილოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“, - აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
„კომერსანტი" თემაზე მუშაობას აგრძელებს და შემოსავლების სამსახურის პოზიციის მოპოვებას შეეცდება.