ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ყავარჯნების სამარე” - 10 წლიანი ლოდინის შემდეგ, კურორტი მენჯი 3,5 მილიონ ლარად იყიდება
07 აპრილი, 2021

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სენაკში, ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში მდებარე ყოფილი სანატორიუმი იყიდება. მისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია.

„კომერსანტი“ სენაკის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნავენ, რომ კურორტი მენჯის რეაბილიტაცია კოლოსალურ სამუშაოებს საჭიროებს, თუმცა აღდგენის შემთხვევაში შესაძლოა ის წლის პროექტად იქცეს.

„დაინტერესება ამ კურორტის მიმართ აქამდეც ყოფილა, ჩინელი ინვესტორები იყვნენ ჩამოსული, მაგრამ შეხვედრა შეხვედრისთვის გაიმართა - მოვიდნენ დაათვალიერეს, მაგრამ პროექტი მხოლოდ იდეად დარჩა. ახლა უფრო არის მოლოდინი, რომ იმ მნიშვნელობის და დატვირთვის კურორტი როგორიც მენჯი იყო, ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ეს იქნება ძალიან დიდი ძვრა ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ახლა უფროა იმის იმედი, რომ იქნებ რაღაც სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. აქ არის უნიკალური გარემო და სამკურნალო წყლები. ახლა ძალაინ დიდ და ფართო მასშტაბიან სამუშოებს საჭიროებს ეს ადგილი, ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოს და ეს საკმაოდ დიდ თანხებთანა დაკავშირებული, თუმცა  გამოვა წლის პროექტი,“ - განმარტავენ სენაკის მუნიციალიტეტის მერიაში.

სენაკის მაშინდელი გამგებელი გოჩა დგებუაძე „კომერსანტთან" ჯერ კიდევ 2014 წლიდან აცხადებდა, რომ მენჯის რეაბილიტაციით ჩინელი ინვესტორები რეალურად იყვნენ დაინტერესებული, უფრო მეტიც, ჩინელებთან მაშინ მემორანდუმიც კი იყო გაფორმებული. საუბარი იყო მასშტაბურ დასასვენებელ პროექტზე.. რაც შეეხება სხვა ინვესტორების კურორტით დაინტერესებას, დგებუაძე აცხადებდა, რომ პერიოდულად ინტერესდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები, მათ შორის, თურქები. თუმცა ამ მიმართულებით რეალური შედეგი არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, მენჯის ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაციის პირობა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დადო.

მას შემდეგ ითქვა, რომ კურორტის რეაბილიტაციით რუსი ინვესტორები დაინტერესდნენ, თუმცა თვეების განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, მათ კონკრეტული პროექტი ვერ წარმოადგინეს, ამიტომ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მათთან კონტაქტი გაწყვიტა და ახალი ინვესტორის ძიება დაიწყო. შედეგად, კურორტით ჩინელი ინვესტორები დაინტერესდნენ.

რაც შეეხება პროექტის შინაარსს, 2015 წელს გოჩა დგებუაძე აცხადებდა, რომ იგეგმებოდა ფაქტობრივად ახალი ქალაქის აშენება.

ხალხური თქმულების მიხედვით “მენჯი” მეგრული სიტყვაა და მჟავე წყალს ნიშნავს. სამკურნალო წყლებით ცნობილ ადგილებს სამეგრელოში ადრე ასე მოიხსნიებდნენ – მენჯი სქური, მენჯი ლუგელა, მენჯი ლებარდე… სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკურნალო მინერალური წყლით ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტსაც ალბათ ამიტომ ეწოდა მენჯი. სასწაულმოქმედი თვისებების გამო ხალხმა კურორტს მეორე სახელიც შეარქვა – “ყავარჯნების სამარე”. კურორტის სამკურნალო პოტენციალის ათვისება დაახლოებით XX ს-ის 20-30_იანი წლებიდან დაიწყო. ცნობილმა ლატვიელმა მეცნიერმა რობერტს კუპცისმა, საქართველოში მინერალური წყლების მეცნიერულ შესწავლას დიდი ამაგი დასდო, მან წყლის სამკურნალო თვისებები გამოიკვლია და მენჯს საქართველოს მაცესტა უწოდა. 1938 წელს მენჯი რესპუბლიკის მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მშენებლობა დაიწყო. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. საკურორტო სეზონი  მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

 

geotimes.ge— ინფორმსციით, კურორტ მენჯში რამდენიმე სამკურნალო ჭაბურღილი არსებობდა (თვალის  წყალი, კუჭის წყალი, სილამაზის წყალი, სახსრების წყალი), დღეს კი 21-ე საუკუნეში მხოლოდ 24-ე ჭაბურღილი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს და პატრონობენ. წყალს იყენებენ აბაზანებისთვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულსისძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

მენჯის მინერალური წყალი ეკუთვნის ძვირფას გოგირდწყალბადოვან ქლორ – ნატრიუმიან მინერალურ წყალს, რომელიც შეიცავს გაზს. ამასთანავე გოგირდწყალბადს, რომლიც 1 ლიტრ წყალში სრულიად საკმარისია სამკურნალოდ. მინერალური წყლის აბაზანის მიღების დროს მოქმედებს ორგანიზმზე მთელი თავისი ფსიქო – ქიმიური შემადგენლობით. მენჯის შემთხვევაში მოქმედებს გოგირდწყალბადი. პირველი აბაზანა ინიშნება მოკლე ხანგრძლივობით 5-8 წუთი, შემდეგ ხანგრძლივობა იზრდება 22 წუთით და ა.შ აბაზანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. საშუალოდ თითო კურსზე  ითვლება  12 – 15 აბაზანა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წყლის ტემპერატურას, ის არუნდა აღემატებოდეს 37C.

კურორტი, რომელიც თავის დროზე  1500-დან 2000-მდე დამსვენებელს იღებდა, დღეს დანგრეულია,  ხოლო თვალის, კუჭისა და სახსრების უებარი წამალი მდინარე ცივში ჩაედინება. ეს კურორტი იყო საკავშირო მნიშვნელობის და ითვლებოდა ჯანმრთელობის სამინისტროს კურორტად.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.