ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რუსეთის და უკრაინის შემდეგ პრობლემები ბელორუსის და ყაზახეთის ბაზრებზეც ექმნებათ. აღნიშნულ ქვეყნებში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენები ქართული პროდუქციის ექსპორტსა და მწარმოებელი კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად უკვე აისახა.
„თბილღვინოს" დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი „კომერსანტთან" განმარტავს, რომ კომპანიისთვის 2015 წელი საექსპორტო გაყიდვების მიმართულებით არცთუ სახარბიელო იყო. კერძოდ, გაყიდვები კომპანიას დაახლოებით 20 პროცენტით შეუმცირდა. მარგველაშვილი აცხადებს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე დიდი შემცირება უკრაინაში, რუსეთში და ბელორუსიაში იყო. ვარდნა დაფიქსირდა ყაზახეთის ბაზარზეც.
მარგველაშვილის ინფორმაციით, 2014 წელი ძალიან კარგი წელი იყო, აღნიშნულ პერიოდში რუსეთში ღვინის გაყიდვები ნახტომისებურად იყო გაზრდილი, ამიტომ იმ პერიოდში არსებულ მაჩვენებელზე სწორება გამართლებული არ იქნება. მისი თქმით, იმედს იძლევა ის, რომ კომპანიის საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით 5 პროცენტით მეტია.
მარგველაშვილი აცხადებს, რომ კომპანია რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის და ყაზახეთის ბაზრებზე შემცირებული გაყიდვების კომპენსაციას ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით გააქტიურებით შეეცადა. კომპანიამ ახალი პარტნიორები მოძებნა როგორც გერმანიაში, ისე ავსტრალიაში. მიმდინარე წელს „თბილღვინოს“ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების 15 პროცენტიანი ზრდა დაუფიქსირდა.
„თბილღვინოს" დამფუძნებელი 2016 წლის პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ მომავალი წელი ცალსახად უკეთესი იქნება ვიდრე მიმდინარე, 2015 წელი. მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი აცხადებს, რომ დარგი ჯერ კიდევ ვერ შეძლებს აითვისოს ის მოსავლიანობა, რაც საქართველოში ყურძნის სახითაა. მისი თქმით, მომავალ წელს ღვინის კომპანიებს მარაგები ისევ იქნებათ, რაც დარგში პრობლემებს გააგრძელებს.
საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების მკვეთრ შემცირებაზე საუბრობს შპს „ბერიკას" ხელმძღვანელი ლაშა რევაზიშვილიც. მისი თქმით, 2015 წელს კომპანიას ღვინის საექსპორტო ბაზრებზე გასული წლებისგან განსხვავებით გაყიდვები მკვეთრად შეუმცირდა.
მისი თქმით, მაგალითად, ყაზახეთში თითქმის განახევრებულია ღვინის გაყიდვები. ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა რუსეთის და უკრაინის ბაზრებზეც.
რევაზიშვილი აცხადებს, რომ კომპანიამ ყაზახეთში, უკრაინასა და რუსეთში შემცირებული გაყიდვები ჩინეთში რეალიზაციით ჩაანაცვლა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინის და რუსეთის პარტნიორებთან და იმედოვნებს, რომ სიტუაცია შედარებით გამოსწორდება.
მისი ინფორმაციით, 2016 წელს კომპანია ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს.
2014 წელს, ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის - 59 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე. 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 23 მლნ ბოთლი ღვინო. რეალიზაციის ვარდნის მთავარი მიზეზი საექსპორტო ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურებაა. რუბლის და გრივნას შემდეგ ეროვნული ვალუტის ვარდნა ყაზახეთშიც მოხდა, სადაც სექტემბერში ტენგეს „თავისუფალი მცურავი კურსი“ გამოცხადდა. ქართველმა მეღვინეებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს ყაზახეთის ბაზარზე რეალიზაციის კლებას გამოიწვევს.