ყაზახურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდს“ სასტუმრო „ბორჯომ-ლიკანის„ 50%-იანი წილი ოფიციალურად დაუთმო
ყაზახურმა მხარემ სასტუმრო „ბორჯომ-ლიკანის“ ("რიქსოს ბორჯომი") 50%-იანი წილი ქართული მხარის, კერძოდ, საპარტნიორო ფონდის სასარგებლოდ ოფიციალურად დათმო.
მხარეებს შორის ხელშეკრულება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელშეკრულება „საპარტნიორო ფონდისთვის“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ წილის გადაცემას გულისხმობს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდსა“ და „ყაზმუნაი გაზს“ შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი სამომავლო პროექტებიც განიხილეს; ასევე, საქართველო-ყაზახეთს შორის ტურიზმის სექტორში ურთიერთობის გასააქტიურებლად კონკრეტული ამოცანები დასახეს;
შეხვედრაზე მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით, საქართველოს შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძემ ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა. ასტანაში გამართული ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გახსნა. ფორუმი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა გლობალური განვითარება, ციფრული ეკონომიკა და თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიები.
საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ასტანაში გამართული სამთავრობო შეხვედრების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო.
www.travelingeorgia.ge