ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ახალ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება. ცენტრის აშენებაზე 793 450 ლარი დაიხარჯა.

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ვიზიტორთა ცენტრი სტეფანწმინდაში გამორჩეული ადგილი იქნება. მათ შესაძლებლობა ექნებათ ცენტრში დეტალური ინფორმაცია მიიღონ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

„ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს და საქმიანობა მაღალ დონეზე შეასრულონ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებაზე. ასევე იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდა იმისათვის, რომ პარკის ადმინისტრაციამ დაკისრებულ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვას; დამატებით გვეყოლება რეინჯერები. ასევე გვინდა პატარა მუზეუმის გახსნა, რომელიც იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ იმ ბიომრავალფეროვნებას, რომლითაც ასეთი ამაყები ვართ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზბეგის ეროვნული პარკი არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტი საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) განახორციელა.
www.travelingeorgia.ge