მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების გამო საქართველოს საზღვრებს გარეთ მოგზაურობა შეეზღუდათ, შიდა ტურიზმი გააქტიურდა ქვეყნის მთიანეთს მიაშურეს, ერთ-ერთი ასეთი ადგილი სტეფანწმინდაა.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ყაზბეგის სასტუმრო „Mount inn“-ის მეპატრონემ ვაჟა ჩაფიტაშვილმა აღნიშნა, თუ პანდემიამდელ პერიოდში მის სასტუმროში ქართველი დამსვენებლების რაოდენობა მხოლოდ 5%–ს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 50%–ზეა ასული. ჩაფიტაშვილმა ასევე თქვა, რომ სასტუმრო აქტიურად მუშაობს, დამსვენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ჰყავს და ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის მიუახლოვდა, თუმცა წლევანდელი ფასების კორექტირება, 2019 წელთან შედარებით, 40%–ით მოუწია.
„საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. ივლისში ტურისტები ძირითადად აზიის ქვეყნებიდან შემოდიოდნენ, აგვისტოში შერეული ტურისტების ნაკადი წამოვიდა, პანდემიამდელი წლებისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ადგილობრივი ტურისტიც მივიღეთ, მათმა რაოდენობამ დამსვენებლების პრაქტიკულად ნახევარი შეადგინა.
რაც შეეხება აქტივობას, პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის ვუახლოვდებით, თუმცა განსხვავება ის არის, რომ სასტუმროს ფასი მაშინ გაცილებით მაღალი იყო, წელს კორექტირება მოგვიწია. წლევანდელი ფასი 2019 წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გაგვეზარდა, იძულებულები გავხდით, რომ ფასი შეგვემცირებინა, რადგან ბევრი უცხოელი ვერ შემოდის, პანდემიამდე ჩემ სასტუმროში დაახლოებით 30% ევროპელი ტურისტები იყვნენ, 30% აზიის ქვეყნებიდან შემიდიოდნენ, დანარჩენი შერეული იყო. მოდიოდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და ევროპის ქვეყნებიდანაც, ქართველების რაოდენობა მხოლოდ 5% იყო. წელს ისე მარტივად ვეღარ ახერხებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას და შიდა ტურიზმი უფრო გააქტიურდა“, - აღნიშნა ვაჟა ჩაფიტაშვილმა.
ჩაფიტაშვილმა ასევე წინასწარ დაჯავშნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ 2019 წლის ჩათვლით სასტუმროს 60% თითქმის ერთი წლით ადრე იჯავშნებოდა, წელს ეს მაჩვენებელი ერთ კვირამდეა შემცირებული.
სასტუმრო Mount inn Kazbeg-ში 12 ნომერია და ერთი სტანდარტული ნომრის ღირებულება დღეის მონაცემებით 160 ლარიდან 190 ლარამდეა.
სასტუმრო „ყაზბეგის კოტეჯების“ მეპატრონე ნინო ნადირაძე ამბობს, რომ ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს მაინც ვერ გაუთანაბრდა. მისივე თქმით, ყაზბეგში უცხოელი ტურისტები ჭარბობენ, თუმცა მეტნაკლებად მათ ქართველი დამსვენებელიც სტუმრობს.
„ბოლო პერიოდში, ივლისის ბოლოდან აგვისტოს ჩათვლით კარგი დატვირთვა გვაქვს, უფრო უცხოელი ტურისტები ჭარბობენ, ძირითადად არაბები არიან, მოდიან ემირატებიდან, გვყავს რუსი ტურისტებიც, მცირე რაოდენობით ევროპის ქვეყნებიდან და მეტნაკლებად ადგილობრივი დამსვენებლებიც გვსტუმრობენ.
პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ გავუთანაბრდით, ფასების კორექტირებაც მოგვიწია, ნომრის ფასი დაახლოებით 30%–ით შევამცირეთ. გარდა ამისა, ჩვენ შიდა სივრცეში გვაქვს კვების ობიექტი, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კვების ობიექტში მომხმარებელს სრულყოფილ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ“, - აღნიშნა ნინო ნადირაძემ.
სასტუმრო ყაზბეგის კოტეჯებში 7 ნომერია და დღეის მონაცემებით მისი ფასი 170 ლარიდან 240 ლარამდეა.
commersant.ge