ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობისთვის მზადება დაიწყო
05 ნოემბერი, 2015

ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „კომერსანტს" პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „აღმას" ხელმძღვანელმა გოგი უგრეხელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საავადმყოფოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს იჯარით ჰქონდა გაცემული. შედეგად, ტერიტორიიდან მოიჯარეების გამოსახლებების პროცესი სრულდება. „ქალაქის შესაბამისი სამსახურები და ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ და თან საკმაოდ შედეგიანად. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩენილია ბავშვთა თეატრი, რომელიც ამ დღეეებში დატოვებს ტერიტორიას. რჩება ფარეხები და მათთანაც შეთანხმება მიღწეულია"-აცხადებს უგრეხელიძე.

მისი თქმით, კომპანია „აღმა" საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები კულტურის სამინისტროსთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. პროცესში ჩართულია როგორც ადგილობრივი და უცხოელი არქიტექტორები, ისე ხელოვნებათმცოდნეები.

„ყოფილი საავადმყოფოს დანგრევა არ მოხდება, მას შეუნარჩუნდება ავთენტურობა და რესტავრაციას დაექვემდებარება. საბოლოოდ კი, ახალ შენობასთან გაერთიანდება"-აცხადებს უგრეხელიძე.

უგრეხელიძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მომზადდება პროექტის კონცეპტუალური ნაწილი, კომპანია მშენებლობის ნებართვის მისაღებად განაცხადს თბილისის მერიაში შეიტანს. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

უგრეხელიძე არ აკონკრეტებს, რომელი მსოფლიო ბრენდი გაუწევს სასტუმროს ოპერირებას, თუმცა აცხადებს, რომ ეს ბრენდი ამერიკული იქნება.

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №60-ში, მიხაილოვის სახელობის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელი კომპანია "აღმა" რამდენიმე თვის წინ გახდა.

"აღმას" ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4 მლნ დოლარად გადაეცა.

პრივატიზაციის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია აღნიშნულ ობიექტში მინიმუმ მაღალი ხარისხის „STR chain" მასშტაბის კატეგორიის მქონე, არანაკლებ 200 ოთახიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განათავსოს.

ინვესტორი ვალდებულია ასევე, რომ ასევე ააშენოს „ Grade-A" კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ სამშენებლო ფართის მქონე საოფისე ნაგებობა და მთლიანი პროექტის განხორციელებისათვის მინიმუმ 57 მლნ 760 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.