ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ყურძნის მოსავალი ნაკლები იქნება, ხარისხი - მაღალი“ - რაჭაში რთველი 5 ოქტომბრიდან იწყება
29 სექტემბერი, 2017

კახეთში რთველი დასასრულისკენ მიდის, რაჭაში კი ის, დაახლოებით 5 ოქტომბრიდან დაიწყება. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსავლის ხარისხი კარგია, თუმცა შარშანდელთან შედარებით ოდნავ შემცირებულია. ცნობილია, რომ წელს კიდევ უფრო გამკაცრდება  „ხვანჭკარას“ დაყენების წესი, ასევე კატეგორიულად აიკრძალება რაჭაში სხვა რეგიონიდან ყურძნის შეტანა და დამუშავება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, გაზაფხულის ყინვებისა და შემდეგ უკვე ზაფხულის გვალვების გამო,  შარშანდელთან შედარებით წელს ყურძნის რაოდენობა ნაკლებია, თუმცა ხარისხი მაღალი იქნება.

„რაჭაში ყურძენი უკვე სიმწიფეში შედის და ვფიქრობთ, რომ რთველი 5 ოქტომბრიდან დაიწყება, რთველის საკოორდინაციო შტაბიც ამ დროისთვის გაიხსნება. ყინვებისა და შემდეგ უკვე გვალვების გამო, რაჭაში წელს მოსავალი იმ რაოდენობის არ იქნება, რაც შარშან იყო. ხარისხზე პრობლემა არ გვექნება. ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშებიდან დაახლოებით 700-800 ტონა მოსავალს ველოდებით. ასევე, სხვა ადგილობრივ ჯიშებიდანაც იქნება გარკვეული მოსავალი მიღებული, რომლებიც ოჯახებში დაიწურება“, - განუცხადა “კომერსანტს“ სამანიშვილმა.

რაც შეეხება სუბსიდიას, სამანიშვილის ინფორმაციით, გასული რთველის სუბსიდია - კილოგრამზე ორი ლარი - შენარჩუნდება, გასაყიდი ფასი კი ხუთ ლარს მიაღწევს.

რაც შეეხება რაჭის რეგიონში სხვა ჯიშების შეტანას და ღვინო „ხვანჭკარაში“ მათ შერევას, სამანიშვილის ინფორმაციით, ეს საკითხი მკაცრად კონტროლდება და ბოლო წლებში მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება.

„ხვანჭკარა მხოლოდ ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. აქამდე ადგილობრივი ჯიშების შერევა პროცენტულად დასაშვები იყო, მაგრამ წელს ესეც აიკრძალება. ანუ ღვინო  „ხვანჭკარა“ 100%-ით ამ ჯიშებისგან უნდა დამზადდეს. სწორედ ამიტომ რთველის მიმდინარეობისას, ამბროლაურის რაიონში ყურძნის სხვა ჯიშების შეტანა იკრძალება, რადგან მათი მოხვედრა ხვანჭკარაში არ მოხდეს. რამდენიმე  წელია ეს საკითხი მკაცრად  კონტროლდება და “ხვანჭკარაში“ სხვა ყურძნის ჯიშების შერევა არ ხდება“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

რაჭაში რთველისთვის ემზადებიან ადგილობრივი ღვინის მწარმოებლები. “კომერსანტთან“ საუბარისას ისინიც აღნიშნავენ, რომ წლევანდელ რთველზე ყურძნის რაოდენობა ნაკლები იქნება, ხარისხი - მაღალი.

კომპანია “როიალ ხვანჭკარა”-ს ხელმძღვანელი მირიან ჭიღვარია აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყურძნის მოსავალი მცირდება.

„წელს მოსავლის რაოდენობის მხრივ, კარგი მდგომარეობა არ არის, მაგრამ ყურძნის ხარისხი მაღალია. ვენახებში მონიტორინგი ჩავატარეთ და ხარისხი შევამოწმეთ. ბოლო ორი წელია ყურძნის ჯიშები საგრძნობლად არის დაზიანებული კლიმატური პირობების გამო. წელს მოსახლეობა რთველს ოპტიმიზმით ხვდება, მათ შორის ფასსაც. საწყისი ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, ხუთი ლარი იქნება. ჩვენი საკუთარი ვენახების გარდა, ყურძნის შეძენასაც ვაპირებთ. დაახლოებით 50-80 ტონა ყურძნის მიღებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ჭიღვარიამ.

მისივე თქმით, ყურძნის მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება, რადგან მოთხოვნა დიდია: „ვიცი, რომ სხვა კომპანიებისგან ყურძნის ჩაბარების მოთხოვნები დიდია. მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფოს თავად მიღება არ მოუწევს და ყურძენი კომპანიებზე გადანაწილდება“.

კიდევ ერთი კომპანია „რაჭული მეღვინეობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია მენაბდე“კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათი მარანი ოჯახური ტიპისაა და სავარაუდოდ, 2-3 ტონა ყურძენს დაწურავენ: „შარშანდელთან შედარებით, მეტად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. მოსავალი ნაკლები იქნება, მაგრამ ხარისხიანი. ყურძენს წყლის შემცველობა ნაკლები ექნება. ჩვენ ოჯახური მარანი გვაქვს და ორ-სამ ტონას დავწურავთ.“

„ილიასეულის“  ტექნოლოგის ილია კენჭაძის თქმით კი, რთველისთვის მათი კომპანიაც ემზადება და დადებითი მოლოდინები აქვთ. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ყურძნის მოთხოვნა არსებულ რაოდენობას აჭარბებს.

 „დაახლოებით  2 ტონანახევრიდან 3 ტონამდე ალექსანდრეულსა და მუჯურეთულს და 1 ტონამდე რაჭულ მწვანესა და და ცოლიკაურს დავწურავთ. წელს ყურძენი ხარისხობრივად ბევრად უკეთესია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოთხოვნილება არსებულ რაოდენობას აჭარბებს“, - აღნიშნა ილია კენჭაძემ.

ყურძნის შემცირებულ რაოდენობაზე „შატო ხვანჭკარას“ ფინანსური მენეჯერი კახაბერ მამანიშვილიც საუბრობს. მისი თქმით, კომპანია 200 ტონა ყურძენს მიიღებს: „ქარხანა გაქირავებული მაქვს და 200 ტონა ყურძენი უნდა მივიღო, ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშები. ჩემთვისაც ცნობილია, რომ ყურძნის რაოდენობა შედარებით ნაკლები იქნება. რაც შეეხება ხარისხს, მოლოდინი გვაქვს, რომ ხარისხიანი მოსავალი იქნება“, - განაცხადა კახაბერ მამანიშვილმა.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.