ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრება კარგია, თუმცა არასაკმარისია იმისთვის რომ საქართველოდან ექსპორტზე არ გადიოდეს უხარისხო პროდუქცია
23 თებერვალი, 2021

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ამასთან, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

„თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ღვინის  ხარისხის  კონტროლი მკაცრად უნდა შემოწმდეს რათა ფალსიფიკაცია არ მოხდეს.

„ჩვენ  კომპანიას  ხარისხის  კონტროლის მხრივ პრობლემები არ აქვს, მაგრამ  ზოგადად ბაზარზე  კვლავ  არის  დაბალხარისხიანი ღვინოები, რომლებიც  არ იმსახურებენ  კონკრეტულ სახელწოდებებს და ვფიქრობ, რომ კონტროლის  გაუმჯობესება კარგი  გადაწყვეტილება  იქნება. ჩემი  აზრით,  ყველა მეღვინე  სოლიდარულია იმ საქმეში, რომ ღვინის ხარისხი კარგად უნდა კონტროლდებოდეს. თუკი სახელმწიფო შეძლებს ყურძნის ხარისხის შაქრიანობის მიხედვით მოსავლის ზედა ზღვარის გაკონტოლებას, რა თქმა უნდა, ეს კარგია. თუმცა ვფიქრობ მხოლოდ ეს აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოდან არ გადიოდეს ექსპორტზე უხარისხოდ ნაწარმოები პროდუქცია.

საჭიროა სახელმწიფო სტანდარტების მკაცრი დაცვა, ასევე იმის გარანტია რომ ქართული პროდუქცია, რომელიც ექსპორტზე გაგვაქვს იქნება მაღალი სტანდარტის და მოხდება ამის კონტროლი. საექსპორტო პროდუქცია ასე ვთქვათ „ფილტრში გავლილი“ უნდა იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს ეს საქონელი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გავხადოთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე დაფუძნებულია იმ პროდუქტის ღირებულებაზე და ხარისხზე რომელსაც ის უშვებს. ეს არის ჩვენი სახე მსოფლიო ბაზარზე, ამით ივსება ბიუჯეტი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ აუცილებელია, რომ თამაშის წესები ყველასთვის ერთი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა დიდია თუ პატარა საწარმო“, - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან თელავში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. ოთარ შამუგიას თქმით, მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე. ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და შესაბამისად, საექსპორტო ფასი.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.