ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყვარელში აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
27 ივლისი, 2018

ყვარელში მდებარე XVIII-XIX სს-ის აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ). ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლების ღიობები, ფასადთა მორთულობა და ლავგარდანი აგურითაა გამოყვანილი.

შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. კარები გარედან თაღოვანია და ჩასმულია აგურის დადაბლებით მიღებულ სწორკუთხა ჩარჩოში, რომელიც ხერხისებური ლავგარდნით სრულდება. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

კედლები დასრულებულია აგურის ლავგარდნით. დახურულია კრამიტით. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონტონებში აგურით გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებებია. კარის ორივე მხარეს აგურის დადაბლებით მიღებული სამ-სამი რომბის გამოსახულებაა.

კარის თავზე სახატე ნიშია. აღმოსავლეთით კუთხეებში მომრგვალებული აბსიდაა, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვა ზომის ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. იატაკი ქვითაა დაგებული. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.