ყვარელში მდებარე მე-18 ს-ის ე.წ. სისონაანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სისონაანთ კოშკი კომპლექსია. შედგება კოშკის, გალავნისა და მარნისგან.
კოშკი ნაგებია რიყის ქვის რეგულარული წყობით დუღაბზე. თაღების გამოსაყვანად გამოყენებულია აგური. კოშკი კვადრატულია. ოთხსართულიანი. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების იყო, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. სართულშუა კავშირი ხის მისადგმელი კიბით ხდებოდა.
კოშკის აღმოსავლეთ მხარეს სათოფურია. არის ასევე თაღოვანი ბუხარია მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.
კოშკს სამხრეთიდან ქონდა ეზო, რომელიც შემოზღუდულია რიყის ქვის ასევე რეგულარული წყობით ნაგები გალავნით. შემორჩენილია აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლების ფრაგმენტები.
კოშკს დასავლეთის მხრიდან მთელს სიგანეზე ეკვროდა მარანი, რომლის ჩრდილოეთ კედელთან მარნის მთელ სიგრძეზე ჩაშენებული იყო ქვის საწნახელი. საწნახლის ენა შუაში იყო დატანებული, საიდანაც მილით ყურძნის წვენი მიწაში ჩაყრილ ქვევრებში ჩადიოდა. მარნის აღმოსავლეთ კედელში, რომელიც იმავე დროს კოშკის დასავლეთ კედელს წარმოადგენდა, ნიშაა გაკეთებული.
კოშკი საბრძოლო-საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში იმ ეპოქამდე უნდა იყოს აგებული, სანამ კახეთში ფართოდ მოიკიდებდა ფეხს მრგვალი კოშკების შენება. კომპლექსს აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმები და დეტალები: სათოფურები, ბუხარი, შეკიდული აივნები, თაღოვანი კარები, თაღჩები. აღსანიშნავია ქვის საწნახელიც.
www.travelingeorgia.ge