ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყვარელში XVIII ს-ის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
06 ივლისი, 2018

ყვარელში მდებარე XVIII ს-ის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დარბაზულია (9.2×6.2 მ). ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით. კარები, სარკმლები, კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, ფასადთა მორთულობა და ლავგარდანი აგურისაა. გადახურულია კრამიტით.

ყველა კედელში თითო შეისრული სარკმელია. კედლები აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზით სრულდება. სამხრეთის კარის ორივე მხარეს აგურით გამოყვანილი ჩაღრმავებული სამ-სამი რომბია. დასავლეთის და აღმოსავლეთის ფასადებზე, ფრონტონში აგურითვე გამოყვანილი ჩაღრმავებული ჯვრებია მოცემული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც შეისრულ თაღზე დაყრდნობილი აგურის კონქით სრულდება. შეისრული სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია.

საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის კამარა შუალა და დასავლეთის კედლის კუთხეში გადასულ შეისრულ თაღებს ეყრდნობა. იატაკი აგურფენილია.

ეკლესიის ძეგლის მახასიათებლებია: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები: ეპოქის მახასიათებელი შეისრული თაღები, სარკმლები და კარები, ფასადების აგურის რომბებითა და ჯვრებით მოპირკეთება. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.