ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყვარლის მუნიციპალიტეტში კადასტრის საპილოტე პროგრამა სატესტო რეჟიმში ამუშავდება
24 ივლისი, 2018

რთველის პროცესში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სატესტო რეჟიმში ამუშავდება კადასტრის საპილოტე პროგრამა. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, მევენახეებთან და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოს ვენახების საკადასტრო სამუშაოებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ჩაერთვებიან ის სუბიექტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი ზომის ვენახები (≥ 7.0 ჰა) ყვარლის მუნიციპალიტეტში, განლაგებული ქინძმარაულისა და ყვარლის მიკროზონებში. პილოტ-პროექტის პირველი ეტაპისათვის ზემოთ მითითებული ნიშნით შეირჩა 67 სუბიექტი, რომელიც ამ რეგიონში ფლობენ ჯამში დაახლოებით 2200 ჰა ვენახს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ შეხვედრის მონაწილეებს რთველის დროს ყურძნის ჩაბარების პროცესში საკადასტრო მონაცემების გამოყენების პირობები გააცნო. სააგენტოს ვენახების კადასტრის ჯგუფმა სტუმრებს წარუდგინა ვენახების კადასტრის აგების პრინციპები, მისი რეალიზაციის გზები, აქამდე შესრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში, ასევე მიმდინარე სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

შეხვედრის მონაწილეებს მონიტორინგისათვის გადაეცათ საკუთარი ვენახების საკადასტრო ამონაწერები.

ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. ამ პერიოდში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი.

საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.