ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყველაფერი 2022 წლის ზამთრის სეზონზე
27 დეკემბერი, 2021

სამთო-სათხილამურო კურორტები 2021-2022 წლის ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან. 

ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე მონტაჟდება გათოვლიანების სისტემები. 1 406-მეტრიან სათხილამურო გზას თოვლის  23 ფიქსირებული და სამი მოძრავი საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. გარდა ამისა, ბაკურიანში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ კოხტას საბაგიროს. 

გუდაურში ხელოვნურად დათოვლიანდება სამი ტრასა, ასევე საბაგირო გუდაურას ძველი, დაზიანებული ბაგირი იცვლება ახლით. 

მესტიაში, ზურულდის მთაზე, ახალი საბაგირო კომპლექსი 2021 წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში. 10-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროს გამტარობა, საწყის ეტაპზე, საათში 1 800 მგზავრი იქნება, ხოლო საბაგიროს სიგრძე 1 421 მეტრია.

მიმდინარე წელს საბაგიროების ფასების ზრდა არ იგეგმება.

გუდაურსა და გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნება. ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს:

„მესტიასა და გუდაურში საბაგიროები ყოველდღე იმუშავებს. 

კურორტი გუდაური ‒ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე; 

ჰაწვალი ‒ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, (შაბათი-კვირა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე);

თეთნულდი ‒ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;

გოდერძი ‒ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

რაც შეეხება ბაკურიანის სათხილამურო არეალს, 25 დეკემბერს კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სათხილამურო ინფრასტრუქტურა ვერ ამოქმედდება, თუმცა ნალექისა და ყინვის შემთხვევაში, საბაგიროები აღნიშნულ კურორტზეც ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს.

საქართველოს სამთო კურორტებზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.“ 

უკვე ცნობილია რეგულაციების შესახებ, რომელიც ზამთრის სეზონზე, მთის კურორტებზე ამოქმედდება:

  • 10-ადგილიან გონდოლას ტიპის საბაგიროში 8 მგზავრი დაიშვება.
  • ღია სავარძლის ტიპის საბაგიროები სრული დატვირთვით იფუნქციონირებს.
  • დამსვენებლებმა მთის კურორტებზე მწვანე პასპორტი უნდა წარადგინონ, რათა სასტუმროებთან ერთად საბაგირო გზებით სარგებლობა შეძლონ.

რა უარყოფითი გავლენა მოახდინა პანდემიამ გასულ წელს სამთო-სათხილამურო კურორტების ფუნქციონირებაზე და რა მოლოდინები აქვთ მიმდინარე სეზონზე სექტორის წარმომადგენლებს ‒ ამ საკითხზე Best Western Gudauri-ის მფლობელს, გიორგი კვიწინაშვილს, ვესაუბრეთ.

„წინა წელს, პანდემიის გამო, პრაქტიკულად ჩავარდა სეზონი. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რაიმე მიმართულებით კმაყოფილების საფუძველი გვქონდა. არ გვყავდა ბევრი სტუმარი, რადგან სეზონი 8 მარტს გაიხსნა და აპრილში დაიხურა. წელს, როგორც კი დაანონსდა, რომ 25 დეკემბერს უნდა გახსნილიყო სათხილამურო გზები, დამსვენებლები ძალიან გააქტიურდნენ.“ - ამბობს კვიწინაშვილი და იმასაც დასძენს, რომ ჯავშნების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, მომატებულია. 

„ძალიან დიდი რაოდენობის ჯავშნებს ვიღებთ როგორც შიდა ტურისტული კომპანიებისგან, ისე ინდივიდუალურს. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად აქტიურობს არაბთა გაერთიანებული საამიროები და რუსეთი.   გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ სეზონი ოფიციალურად არ გახსნილა, ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა საშუალოდ 40%-ით განისაზღვრება. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი წლის შემდეგ, ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდება,“  - აცხადებს Western Gudauri-ის მფლობელი. 

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, Best Western Gudauri-ის მფლობელი ამბობს, რომ კურორტზე ყველა სასტუმრო ზედმიწევნით იცავს კოვიდრეგულაციებს:

„უცხოელი სტუმრების უმრავლესობა ვაქცინირებულია. არავაქცინირებული ტურისტები ყოველ 3 დღეში ერთხელ იკეთებენ PCR ტესტს.
ჩემი დაკვირვებით, გუდაურში, ყველა სასტუმროში, უმაღლესი სტანდარტებით იცავენ კოვიდრეგულაციებს. კურორტზე რამდენიმე ადგილას კეთდება ტესტები, რათა დამსვენებლებს ამ მიმართულებით პრობლემა არ შეექმნათ. ეს საკითხი ძალიან ორგანიზებულია,“ - განმარტავს გიორგი კვიწინაშვილი. 

ცნობისთვის, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გასულ წლებში, საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო.  2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 80%-ით შემცირდა, რაც სექტორისთვის, წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით, $2.3-2.5 მილიარდის დანაკარგია. 

თუმცა, დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის მონაცემები გაუმჯობესდება, 2022 წელი კი ტურიზმის მიმართულებით, წლევანდელზე მეტად შემოსავლიანი იქნება.

წყარო: businessfeed.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.