საქართველოში ტურისტების ყველაზე მეტი რაოდენობა, 50,8% უკრაინიდან სტუმრობს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ივლისის მიმოხილვაშია ნათქვამი, რომლის თანახმად, 2021 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 403.7%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.5% შეადგინა და წლიურად 473.9%–ით მოიმატა. საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
როგორც სებ-ის ანგარიშშია ასახული, 2021 წლის ივლისში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებითმა გამოცოცხლებამ, ასევე 1 ივლისიდან საქართველოში საზღვრების გახსნამ, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა განაპირობა - ივლისში წლიურად 403.7%-ით.
,,გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის ივლისში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა პრაქტიკულად შეჩერებული იყო და, შესაბამისად, უცხოელ ვიზიტორთა ასეთი მაღალი ზრდა საბაზო ეფექტს უკავშირდება. 2019 წლის ივლისთან შედარებით კი 73.8 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილები ვიზიტორების ზრდაში უკრაინიდან (50.8 პპ), რუსეთიდან (45.5 პპ) და თურქეთიდან (36.5 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 24.7-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 43.1 პპ წვლილი შეადგინა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, როგორც ზრდის ტემპით (702-ჯერ მეტი ვიზიტორი), ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით (38.2 პპ)“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
commersant.ge