ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები - სად მიემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები ახალი წლის შესახვედრად?
შობა-ახალ წელს საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საზღვარგარეთ შეხვდება. ასეთი ტურების დიდი ნაწილი უკვე დაგეგმილია.
რომელი მიმართულებებია ყველაზე პოპულარული ქართველი ვიზიტორებისთვის. ამ კითხვით კომერსანტმა ტურისტულ კომპანიებს მიმართა.
როგორც „გოუ ტურის“ დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა „კომერსანტთან“ განაცხადა, მისი კომპანიის შემთხვევაში ყველაზე გაყიდვადი მიმართულებებია: ეგვიპტე, დუბაი, პრაღა, პარიზი, ვენა და იტალიის ქალაქები.
„ქართველი მომხმარებელი საახალწლოდ ორი თემატიკას ანიჭებს უპირატესობას. ერთია, რომ უნდათ სითბოში და თბილ ეგზოტიკურ ქვეყნებში ყოფნა. ამ მიმართულებით ყველაზე პოპულარული და გაყიდვადია ეგვიპტე, დუბაი, მალდივები, შრი ლანკა, გოა. თუმცა მაინც ყველაზე დიდი მოთხოვნა ეგვიპტეზე და დუბაიზე მოდის.
მეორე ნაწილის არჩევანია ევროპა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ იმ საახალწლო სილამაზეს და განწყობას, რაც ზოგადად ევროპულ ქვეყნებში უკვე დეკემბრიდან იწყება. „გოუ ტურის“ შემთხვევაში მოთხოვნა მეტწილად მოდის ჩეხეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე, ავსტრიაზე“, - ამბობს ნინო წიკლაური.
„გოუ ტურის“ დამფუძნებლის თქმით, 2022 წელს შარშანდელთან შედარებით დასვენების ფასები ზოგადად გაზრდილია, თუმცა უშუალოდ საახალწლო ტურებზე ფასები 20%-ით გაიზარდა, რაც შეეხება მოთხოვნას, „გოუ ტურის“ ინფორმაციით, ზრდა 30-40%-ის ფარგლებშია.
საზღვარგარეთ საახალწლო ტურების გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელი ნინა კეკელიძეც. მისი თქმით, საახალწლოდ ტურებზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ითაა გაზრდილი.
„ძალიან პოპულარული მიმართულებაა შარმ ელ-შეიხი, დუბაი და ზოგადად არაბეთის გაერთიანებული საამიროები. მალდივის კუნძულები, შრი ლანკა, ტაილანდი - კი ეგზოტიკური დასვენების მოყვარულებისთვისაა.
სიცივის და ამინდის მიუხედავად, საახალწლოდ ძალიან პოპულარულია ევროპა. ქართველებისთვის ევროპა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, საუბარია პარიზზე, რომზე, ბარსელონაზე, პრაღაზე და ბუდაპეშტზე.
ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ მაღალია, წელს უკვე აქტიურადაა დატვირთული საერთაშორისო ფრენები და მათ შორის მოგზაურობაც“ - აცხადებს ნინა კეკელიძე.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა იმ მიზეზებზეც ისაუბრეს, რის გამოც ქართველი მომხმარებელი სადღესასწაულო დღეების საზღვარგარეთ გატარებას არჩევს. მათი თქმით, საქართველოში სასტუმროების ფასები ნამდვილად ძვირია და უტოლდება იგივე პარიზის, რომის თუ ბარსელონას 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებს. თუმცა როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მაღალი ფასის მიუხედავად საქართველოს სასტუმროებზე ახალი წლის დღეებში საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნაც და გადახდისუნარიანობაც არის.
commersant.ge