„ყველა საკითხს ეტაპობრივად მოვაგვარებთ“ - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გუდაურში არსებულ პრობლემებზე
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, წყლის სისტემები და გადაადგილება — ეს ის პრობლემებია, რომელიც გუდაურში უკვე წლებია არსებობს, თუმცა დღემდე მოუგვარებელია.
როდის მოგვარდება გუდაურში წლების განმავლობაში არსებული პრობლემები, ამის გარკვევას„კომერსანტი“ მცხეთა-მთიანების გუბერნატორთან შეეცადა. როგორც ლევან ზაუტაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც კურორტამდე ტრანსპორტირებას ეხებოდა, მოგვარდა და სპეციალური ავტობუსები უკვე დაინიშნა.
რაც შეეხება შიდა გზებისა და ტროტუარების მოწყობას, რომელიც წლების განმავლობაში ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე იქ ჩასული ტურისტებისთვის, ზაუტაშვილის განცხადებით თითქმის დასრულებულია.
„კომერსანტის“ კითხვაზე როდის მოხდება შიდა გზების სრულად მოწყობა? გუბერნატორი გვპასუხობს, რომ „ამაზე ლოგიკური პასუხი არსებობს. პირველ რიგში ჩვენი წლევანდელი მთავარი პრობლემა გუდაურის წყლით მომარაგების საკითხის მოგვარება იყო. ყველა საკითხს ეტაპობრივად მოვაგვარებთ“.
2018 წლიდან, როდესაც ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს ამ პრობლემის სრულად მოგვარებასაც ეტაპობრივად დავიწყებთ, ამჟამად ტენდერებია გამოცხადებული. იქ სადაც წყლის პრობლემა იყო, ეს უკვე აღარ არის, გაზაფხულიდან კი სასწრაფო რეჟიმით დავიწყებთ გზასთან არსებული პრობლემების მოგვარებას“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.
გუბერნატორის თქმით, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება გუდაურში საკუთარი სამაშველო-სახანძრო სამსახურის არარსებობის საკითხი. ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხის გაკონტროლება კვლავ ფასანაურიდან და ყაზბეგიდან ხდება.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე