ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზაფხულიდან ქართულ ბაზარზე შესაძლოა, 4 ახალი ავიაკომპანია შემოვიდეს
02 აპრილი, 2019

Tav Georgia-ის გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის განცხადებით, ზაფხულიდან ქართულ ბაზარზე შესაძლოა, 4 ახალი ავიაკომპანია შემოვიდეს. 

როგორც bm.ge-ის ზაქარაძემ განუცხადა, ამ ავიაკომპანიებს შორის, რომელთანაც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, Airmalta-ც შედის, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების დაწყებას ზაფხულის სეზონზე გეგმავს.

„ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Plus Ultra Airlines-თან, რომელიც მადრიდის მიმართულებით დაფრინავს და სავარაუდოდ, ოპერირებას დაიწყებს ზაფხულიდან Hi Fly Airline-სიც, რომელიც ლისაბონი/პორტუგალის მიმართულებით დაფრინავს. ეს სამი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ქართველი მომხმარებლისთვის და არამარტო, იქნება მოსახერხებელი და კომფორტული აღნიშნულ სამ ქვეყანაში პირდაპირი რეგულარული რეისების დამატება. ეს ყველაფერი კი, ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის შემოდინებას ქვეყანაში და შესაბამისად, გაზრდის მგზავრთნაკადის რაოდენობას. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლე ქართული ბაზრისთვის არის ინდური ავიაკომპანია IndiGo. ეს არის ძალიან დიდი ავიაკომპანია ინდოეთში, რომელიც საინტერესო და ასათვისებელი ბაზარია. წინა კვირას საქართველოში იმყოფებოდნენ ავიაკომპანიის ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და აუდიტები და შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო თუკი IndiGo თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას, ეს იქნება წლის ყველაზე დიდი სიახლე“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ. 

Tav Georgia-ის გენერალური მენეჯერის მოადგილის თქმით, „ევროპა ასე თუ ისე ათვისებული გვაქვს და 51 ავიაკომპანია რეგულარულად დაფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამიტომ ამ ეტაპზე, მთავარი ამოცანა აზიური ბაზრის ათვისებაა“.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.