ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოწესრიგებული გზები, მეტნაკლებად მოგვარებული წყლის პრობლემა – რა სიახლეებით ხვდება სიღნაღი ზაფხულის ტურისტულ სეზონს
29 მაისი, 2019

სიღნაღში 12 წლის წინ დაწყებულმა „სიყვარულის ქალაქის“ პროექტმა,  სასტუმრო ბიზნესს იმედები ჯეროვნად ვერ გაუმართლა. დღეს „კომერსანტთან“ კერძო სექტორის წარმომადგენლები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც ისევ აწუხებთ და რომლის მოგვარებაც სიღნაღით დაინტერესებულ ტურისტთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.


თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ სიღნაღი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდებოდა. ამ განცხადებიდან 12 წლის განმავლობაში, ქალაქის სასტუმროები მუდმივად ჩივიან, რომ ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე არ მცირდება, თუმცა, არც ზრდა ფიქსირდება. ამის მიზეზად ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემები  სახელდება.

საოჯახო სასტუმრო „სამი გრაციას“ დამფუძნებელი თეა ყარაგოზიშვილიგანმარტავს, რომ სიღნაღში ზაფხულის საკურორტო სეზონი უკვე დაიწყო. დამსვენებლების უმეტესი ნაწილი კი უცხოელია, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალია, ჰოლანდია. რაც შეეხება ქართველებს, ისინი სიღნაღის დასათვალიერებლად უფრო შაბათ-კვირას ირჩევენ ხოლმე.

ყარაგოზიშვილი აცხადებს, რომ წელს სიღნაღში იმაზე კარგი სიტუაციაა ვიდრე გასულ წლებში. კერძოდ, მეტნაკლებად მოგვარებულია სასმელი წყლის პრობლემა, რეაბილიტირდა გზებიც, რომლიც ტურისტებისთვის საკმაოდ არაკომფორტული იყო.

„წყლის პრობლემა მე მაგალითად, ადგილზე მაქვს მოგვარებული, მაქვს წყლის რეზერვუარები, რათა ტურისტებს პრობლემა არ შეექმნებათ. ისე ქალაქში წყალი თითქმის სულ მოდის, შესაძლოა შუა დღეს დაწყდეს რამდენიმე საათით. თუმცა, ამას ჩემი სტუმრები ვერ გრძნობენ,“ — აღნიშნავს ყარაგოზიშვილი.

სასტუმრო „სამი გრაციას“დამფუძნებელი იმ პრობლემაზეც საუბრობს, რომლის მოგვარებაც სიღნაღს ტურისტულ ცენტრად აქცევდა. საუბარია, შემეცნებით-გასართობ ობიქტებზე, რომლის სიმცირეც ქალაქში ტურისტების მოკლე ვადიან სტუმრობას იწვევს.

„გიდები, რომლებსაც თბილისიდან მოჰყავთ ტურისტები, აცხადებენ, რომ სიღნაღი რადგან პატარა ქალაქია, ინფრასტრუქტურა ისეთი არ არის, 1 საათიანი დათვალიერება სრულიად საკმარია. შედეგად, ამ ტურებით ჩამოსული დამსვენებელი საღამოს უკან ბრუნდება. ამის მიუხედავად, ქალაქით დაინტერესებული ტურისტების რიცხვი არ შემცირებულა, თუმცა, თუ ეს პრობლემა მოგვარდებოდა, ვთვლი, რომ ტურისტების რაოდენობა ბევრად გაიზრდება“-აცხადებს ყარაგოზიშვილი.

პრობლემის მოსაგვარებლად, სასტუმრო „სამი გრაციას“ ხელმძღვანელმა საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი ქედელის“ ხელშეწყობით ისეთი ობიექტის გახსნაც დაანონსა, რომელიც სიღნაღში ჩასულ სტუმარს საღამომდე დააკავებს და საშუალებას მისცემს ქალაქში დარჩეს. საუბარია, არტ კაფესა და მუზეუმზე, სადაც ერთ სივრცეში შესაძლებელი იქნება დამსვენებელმა დაათვალიეროს სიღნაღის ისტორია.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავაკეთო გარკვეული აქტივობა. მათ შორის, საღამოს ლოტოს თამაში, საქველომომედო საღამოები, მურაბების და ჩურჩხელების მომზადება. ეს აქტივობები სიღნაღს და მის მნიშვნელობას უფრო ახლოდან დაანახებს. ახლა სიღნაღი რა არის, რომ მოდიხარ, დაათვალიერებ და მორჩა., რა სიმდიდრის და რა ისტორიის, მქონე იყო ამის ნახვა მუზეუმში იქნება შესაძლებელი. ოჯახებიდან მოვიძიეთ ძველი ნივთები, ძველი ფოტო ალბომები, ერთ ოთახს ვაწყობთ ძველ სტილში. “— აცხადებს ყარაგოზიშვილი.

მისივ განცხადებით, კარგი იქნება, თუ მსგავსი ტიპის აქტივობების მოწყობით ადგილობრივი ხელისფულებაც იქნება დაინტერსებული.

საოჯახო სასტუმრო „ტყუპების“ დამფუძნებელი ანტონ მუღრაშვილიაცხადებს, რომ სიღნაღში ტურისტული სეზონი დაიწყო და დამსვენებელიც საკმაოდ ბევრია. ახლა სასტუმროს დამსვენებლი არ ჰყავს, თუმცა, რამდენიმე კვირაში სეზონი აქტიურ ფაზაში შევა და ტურისტებიც სავარაუდოდ, უფრო მეტად გააქტიურდებიან. მისი თქმით, ვიზიტორების ძირითად ნაწილს რუსები და უკრაინელები წარმოადგენენ.

მუღრაშვილის ინფორმაციით, მეტნკალებად მოგვარებულია წყლის სისტემა, თუმცა, ზოგიერთ უბანს წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდება. გადაჭრილია გზების პრობლემაც.

როგორც მუღრაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი საკმაოდაა დაინტერესებული გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწყობით, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიღნაღი ისტორიული ქალაქია, ობიექტის მოსაწყობად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თანხმობა უნდა გასცეს. მისი განცხადებით, ეს პროცესი შედარებით ხანგრძლივია და ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭიანურებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტშიგანმარტავენ, რომ 2019 წლის 24 მაისის მდგომარეობით, ქალაქს 3149 შიდა და საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა. საყურადღებოა, რომ ეს არის იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლეს უშუალოდ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით, შესაბამისად ქალაქში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა გაცილებით მეტია. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება (წინა წლებთან შედარებით გაზრდილია 20-30% ით), 2019 წლის მიხედვით ქალაქს ძირითადად სტუმრობენ რუსეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ამერიკიდან. ტურისტული სეზონი პიკს აღწევს სექტემბერ -ოქტომბერში.


რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწყობას, მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ 2018 წელს ქალაქის კეთილმოწყობისთვის მთელი რიგი პროექტები განხორციელდა.

„მოგეხსენებათ, რომ 2007 წლის შემდეგ ქალაქში რეაბილიტაცია აღარ განხორციელებულა. 2018 წელს ქალაქის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც დაზიანებული ქვაფენილის, ფასადების და აივნების განახლებას ითვალისწინებდა. აღნიშნულ პროექტზე დაიხარჯა 100 000 ლარი.


ასევე, მოეწყო დენდროლოგიური პარკთან მისასვლელი ბილიკი (257 844 ლარი), განახლდა ტურისტული რუკები(12 000 ლარი), რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქში არსებულ საზოგადოებრივ სველ წერტილებს(6000 ლარი), განახლდა ტურისტული ბილიკი(3000 ლარი).


რაც შეეხება წყალმომარაგებას, წინა წელს გაზრდილი მოხმარების გამო, ზაფხულის პერიოდში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. ქალაქს სიღნაღს ემსახურება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც 24-საათიანი სერვისით უზრუნველყოფს მოქალაქეებს,“-აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, ახალი ჭაბურღილი მოეწყობა (77 041 ლარი) და წყლის რესურსი მოსახლეობას გაუნაწილდება. წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს, წყალმომარაგებაზე პრობლემა არ უნდა იყოს.

ამავე დროს 2019 წელს სიღნაღის ოთხ -აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის,, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე ასფალტის და ბეტონის გზები დაიგება( პროექტი მიმდინარეობს). გზების რეაბილიტაციაზე 614 130 ლარი დაიხარჯება.

P.S აღვნიშნავთ, რომ პერიოდულად „კომერსანტი“ თითქმის ყველა რეგიონს და მუნიციპალიტეტს უკავშირდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური  ერთ-ერთია, რომელთანაც კომუნიკაცია და მათგან ინფორმაციის მიღება, საკმაოდ მობილურად და გამარტივებულად ხდება.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.