ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზაფხულის სეზონს ბაკურიანი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება
10 აპრილი, 2017

მიმდინარე წლის ზაფხულს ბაკურიანი საბჭოთა პერიოდის პარკის და ატრაქციონების ნაცვლად, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. კურორტზე, რომელიც ხელისუფლების გეგმების თანახმად, უახლოეს წლებში „ქართულ დავოსად" უნდა იქცეს, დღეს ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტებიც კი არ არსებობს, მოძველებულია ცენტრალური პარკი, ატრაქციონები.

„კომერსანტი" უკვე რამდენიმე წელია, ყოველ საკურორტო სეზონზე ეხმაურებოდა ამ პრობლემას და ხელისუფლებისგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე: როდის ექნებოდა ბაკურიანს ტროტუარები, რათა დამსვენებელთა, მათ შორის ბავშვების გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ამ დრომდე არ არსებობდა. დღეს კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ბაკურიანის გამგებელი გოჩა გობროინიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მისი თქმით, ბაკურიანის ცენტრალური პარკის მშენებლობა-რეაბილიტაცია მაისიდან დაიწყება და სამუშაოების ძირითადი ნაწილი მიმდინარე სეზონისთვის დასრულდება.

როგორც გობრონიძე აცხადებს, ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია გულისხმობს პარკის ტერიტორიაზე ახალი ატრაქციონების მშენებლობას, გამწვანებას, ახალი მოსასვენებელი ადგილების მოწყობას. გარდა ამისა, კურორტზე დაგეგმილია ველობილიკების, გზებზე ტროტუარების მოწყობა, ავტოსადგომების კეთილმოწყობა, ქუჩებზე გაჩერებების მშენებლობა და ასე შემდეგ.

მისივე თქმით, მოპირკეთდება შიდა გზებიც - სულ 14 ქუჩა, სადაც ასფალტი დაიგება, აღმართებზე კი ბეტონის გზები გაკეთდება.

რა თანხა დაიხარჯება წელს ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ამაზე ინფორმაციას გობრონიძე არ ფლობს.„ბაკურიანმა წელს მთლიანად უნდა იცვალოს სახე. საბჭოთა პერიოდის შემდეგ კურორტზე არავის არაფერი არ გაუკეთებია. შარშან და შარშანწინ გაკეთდა რამდენიმე ქუჩა. მანამდე აქ არაფერი არ გაკეთებულა"-აცხადებს გობრონიძე.

როგორც ბაკურიანის გამგებელი განმარტავს, ეს გახდება იმის საფუძველი, რომ ბაკურიანი იყოს 4 სეზონზე გათვლილი ტურისტული ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ამბიციური გეგმები აქვს: იგეგმება კურორტის რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის ვადად 2016 წელს 3 წელი სახელდება.

2016 წლის აგვისტოში საქართველოს პრემიერ–მინისტრი თავად იმყოფებოდა კურორტზე. სწორედ მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ისეთივე რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად, როგორიც დავოსია შვეიცარიაში. მაშინ პრემიერმინისტრი აცხადებდა, რომ კურორტს ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.