ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტურისტული სეზონის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ტურიზმის სექტორის ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებებისა და გამოცდილებების გაზიარებაა, რათა მოხდეს 2019 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის ეფექტურად წარმართვა.
შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე. „შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას მიმდინარე ტურისტულ სეზონს. დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ტურისტები საჭიროებენ მაღალი სტანდარტის მასპინძლობას. ტურიზმის სექტორში დინამიკა არის მზარდი, როგორც სტატისტიკის ისე ხარისხის თვალსაზრისით და ბუნებრივია, ეს უფრო მეტ მოლოდინს ქმნის.
აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული კლასტერის შექმნაზე მაღალმთიან აჭარაში, რაც მოიცავს მწვანე ტბას, კურორტ გოდერძის და ბეშუმს“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას.
სეზონს აჭარა მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. ჩამოსული სტუმრები ზღვაზე დასვენებასთან ერთად შეძლებენ მოინახულონ მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები და ახალი განთავსების ადგილები.
განახლებული ინფრასტრუქტურითა და ტურისტული სერვისებით შეხვდება სეზონს ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი და მტირალას ეროვნული პარკი. იგეგმება საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები, როგორებიცაა ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, მეგა ვარსკვლავების კონცერტებით ბლექსი არენაზე და ტრადიციული კულტურულ-გასართობი ღონისძიებები.
მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის მიმართულებით გარდა რეგულარული ფრენებისა განხორციელდება ჩარტერული რეისები ევროპის ქვეყნებიდან, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების მზარდ ნაკადს.
ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15 ივნისს „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება.
Commersant.ge