ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზამთარში სასტუმროს დატვირთულობა 30 %- მდეა - "ბანგურიანი მესტიაში"
18 იანვარი, 2024

მესტიაში ზამთრის სეზონი ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს დაიწყო, თუმცა სასტუმროების დატვირთულობა უმეტეს შემთხვევაში დაბალია. როგორც სასტუმრო ,,ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორი ლაშა ჯაფარიძე ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ძირითადი მიზეზი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, რის გამოც ზამთარი კურორტი დამსვენებლებს ნაკლებად იზიდავს.

,,შესანიშნავი ამინდია, რაც ზამთრის კურორტს სჭირდება, მაგრამ ტურისტები მაინც პასიურობენ. ზოგადად, იანვარი ნაკლები დატვირთვით ხასიათდება, ასეა ტრადიციულად. მოთხოვნის ზრდას განსაკუთრებით მარტში ველოდებით, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე, სვანეთის კურორტების მიმართ გაიზრდება მოთხოვნა. უკვე ვიწყებთ ჯავშნების მიღებას. მიმდინარე პერიოდში კი გარკვეულ პრობლემას ქმნის ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. პირველ რიგში, მიმოსვლა ჭირს, მუდმივად არის ბილეთების შეძენის პრობლემა, ფრენების სიხშირე დაბალია, ეს ყველაფერი სეზონზე ნეგატიურად აისახება“, - აცხადებს ლაშა ჯაფარიძე.

რაც შეეხება დამსვენებლების სეგმენტს, სასტუმროს დირექტორის განცხადებით, მათი ძირითადი ნაწილი ევროპის ქვეყნებიდანაა. ბოლო დროს ვიღებთ შეკვეთებს სამხრეთ კორეადანაც. ახლა ერთადერთი გამოწვევა ინფრასტრუქტურაა, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, რაც უკვე სვანეთისთვის ტრადიციული პრობლემაა.

,,ჩვენი სასტუმრო მაღალ სიმაღლეზეა განთავსებული, რის გამოც დამსვენებლებს ამოსვლა უჭირთ ხოლმე. ფრენები ნაკლები ინტენსივობითაა, ესეც გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის. ადგილზე კი პრობლემაა წყლის მიწოდება, ზამთრობით სისტემატურად ითიშება ელექტროენერგია, გვეყინება წყალი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ გენერატორი გვაქვს და ვცდილობთ ჩვენვე მოვაგვაროთ პრობლემა, მაინც დისკომფორტია, რაზეც დამსვენებლებმა უკვე იციან და ზამთარში დასვენებისგან თავს იკავებენ. მიმდინარე სეზონზე სასტუმროს დატვირთულობა 30%-ია, როცა ზაფხულში ეს მაჩვენებელი 90%-ს აღწევდა“, - განმარტავს ლაშა ჯაფარიძე ,,ბიზნესპარტნიორთან“.

შეგახსენებთ, რომ  მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგების შეფერხებაზე საუბრები ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მიზეზად კი  მოსახლეობის მაინინგის პროცესში ჩართვა სახელდება. როგორც ადგილობრივები აცხადებდნენ, ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები მზარდ დატვირთვას ვერ უძლებს, რის გამოც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემაა  და ტურისტულ სეზონს საფრთხეს უქმნის.

ცნობისთვის, ,, ბანგურიანი მესტიაში“ 2013 წელს დაფუძნდა. სასტუმრო აქტიურ სეზონზე 13 ადამიანს ასაქმებს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.