ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზამთრის კურორტები და სათავგადასავლო ტურიზმი-ევროპის წამყვანი მედიასაშუალებების ტური საქართველოში
05 მარტი, 2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების: “Le Figaro”, „The Telegraph“, „GQ“, „Die Presse“, „Snow“, „Backcountry Magazine“, „Downdays“ წარმომადგენლებს მასპინძლობს.
პრესტურის ფარგლებში, საქართველოს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან წამყვანი ჟურნალისტები ეწვივნენ. მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს. ჟურნალისტებმა მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური გააშუქეს.
„საქართველოში პირველად ვარ, გაოცებული ვარ ამ ხედებით რომელიც ჩვენს უკან იშლება. ხალხი ძალიან მეგობრულია, საუკეთესო ხარისხის თოვლია, სწრაფი საბაგიროა, სვანეთში საოცარი გამოცდილება მივიღე. მე ვამზადებს სტატიას, რომლის სათაურიც იქნება „ადვილი თავგადასავალი“ რადგან აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია, პატარა მაღაზიებშიც კი, როდესაც რაიმე დაგჭირდება ყველა მზად არის დაგეხმაროს. საქართველო არის მომავალი“,-აცხადებს Le Figaro-ს ჟურნალისტი მეთიუ როსი.

„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ფრირაიდერების ჯგუფს გავყოლოდით და ძალიან მაგარი შთაბეჭდილებები მივიღეთ. სვანეთში ძალიან მეგობრული ხალხია, სამთო კურორტი ვითარდება, ნამდვილად საოცარი სათხილამურო პირობებია და ვფიქრობ ეს არის ტურისტული მიმართულება რომელიც ძალიან პოპულარული გახდება“,ამბობს Die Presse-ის წარმომადგენელი ჯოზეფ იბნერი.

“საქართველოში მეორედ ვარ. ერთი მხრივ ექსტრემალური შეჯიბრი და მთები გადავიღე, რისთვის ვმოგზაურობ მთელ მსოფლიოში და ფოტოებს ვიღებ, მეორეს მხრივ ძალიან საინტერესო იყო კულტურული ნაწილი. მე ვმუშაობ შვეიცარიულ კომპანიაში FWT – Freeride World Tour, რომელიც ორგანიზებას უწევს მსოფლიო ფრირაიდის ტურებს. ერთ-ერთი ეტაპი სწორედ სვანეთში გაიმართა, ფრირაიდის შემდეგი ეტაპები ავსტრიასა და შვეიცარიაში მოეწყობა“,-ამბობს დომ დაჰერი ტურის მონაწილე ფოტოგრაფი.

ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ზამთრის კურორტებისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.