„ზამთრის კურორტებზე მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთმანეთთან არ ან ვერ თანამშრომლობენ“
ზამთრის საკურორტო სეზონს „შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის“თავმჯდომარე ია თაბაგარი „კომერსანტთან“ აფასებს. მისი განცხადებით, ბაკურიანში პრობლემების მოგვარება იმიტომ ვერ ხერხდება, რომ თავიდანვე ეს არის არასწორად დაგეგმილი კურორტი. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა მიწის ნაკვეთების ისე გასხვისება, რომ არ არსებობდა არანაირი გენგეგმა და არანაირი ურბანული ხედვა. შედეგად, მივიღეთ ასეთი ქაოსური განაშენიანება, რომელმაც საშინელი შედეგები მოიტანა. ახლა არსებობს სივრცული დაგეგმარების პროექტი, მაგრამ მისი იმპლემენტაცია რთული იქნება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება გუდაურს, როგორც თაბაგარი აცხადებს, სახელმწიფოს მიერ გატარებული რეგულაციები არ სრულდება.
„თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ზედა მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრშია ბაზრობა, მაღაზია, პარკინგი. ამიტომ ძალიან რთულია საბაგიროებამდე მისვლა ისევე, როგორც ბაკურიანში. აქ შაბათ-კვირას მანქანის გაჩერება თითქმის წარმოუდგენელია. ძალიან საშიშია ის, რომ ფეხით მოსიარულეები მოყინულ გზებზე დადიან მანქანებთან ერთად, რადგან არ არსებობს ტროტუარები. გუდაურში სერიოზულად დგას უსაფრთხოების პრობლემა. ადამიანები დაცულები არ არიან. უცხოელები, რომლებიც კომფორტულ კურორტებზე ისვენებენ, ამ ყველაფერს ერთმანეთს ადარებენ. ჩვენ არაჩვეულებრივი თოვლი და ტრასები გვაქვს, გაკეთდა უამრავი საბაგირო, მაგრამ უამრავი დეტალია, რომელიც დასახვეწია,“ — აღნიშნავს თაბაგარი.
ასევე საქართველოს ზამთრის კურორტებზე მრავალი წელია მოუგვარებელია ტუალეტების პრობლემა, რომლებიც ან არ არის, ან დაზიანებული ან დაულაგებელია.
თაბაგარისვე განმარტებით, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთმანეთთან არ ან ვერ თანამშრომლობენ, მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა. „ შუა სეზონზე, რამდენიმე დღის წინ, იქ, სადაც 10 კორპუსი დგას, ტრაქტორებით დილის 5 საათამდე 10 დღის წინ მოსულ თოვლს წმენდნენ. ეს ნორმალური არ არის. შაბათ-კვირას დასასვენებლად ჩასული ადამიანი მთელი ღამე ტრაქტორის ხმას უსმენს. გარდა ამისა, სახურავებზეა ყინულის ლოლოები, მოყინულია სადარბაზოებამდე მისასვლელი გზები.ძნელი სათქმელია, ვისი პრეროგატივაა, თუმცა, ეს გამოსაწორებელია,“ — აღნიშნავს თაბაგარი.
როგორც თაბაგარი აცხადებს, პრობლემა კერძო სექტორშიცაა. მოყინულია კაფეს და თხილამურების გაქირავების ცენტრებთან შესასვლელები. არ არის აღნიშნვნები, სად არის სახიფათო გზა და სად – არა.
შეკითვაზე — როგორ მოახერხებს ქვეყანა 2023 წელს ბაკურიანში უმასპინძლოს თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს? – თაბაგარი აღნიშნავს, რომ უცნობია. მისი განმარტებით, ძალიან რთული იქნება იმ ყველა ხარვეზის დაძლევა, რაც დღეს ზამთრის კურორტზეა.
„თუ გადაკეტავენ ბაკურიანს და საბაგიროსთან მანქანით მისვლა აიკრძალება, უფასო „შატლები“ ივლის, ძალიან კარგი იქნება. ევროპაში ძალიან ბევრ ზამთრის კურორტზეა ასე. ჩვენს რეალობაში პარკინგის პრობლემაა, როგორც ბაკურიანში, ისე გუდაურში. მთის კურორტების კომპანიას, რომელიც თავს არ ზოგავს, საბაგიროებს აშენებს და ცდილობს დასვენება კომფორტული გახადოს, დაგეგმავს ხოლმე, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე ააშენონ პარკინგი, ამ დროს აღმოჩნდება, რომ ინფრასტრუქტურის ან ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორია გაყიდა ან რომელიმე სხვა მფლობელს გადასცა. აქედან ჩანს ის, რომ არ არის გეგმების თანხვედრა, ვერ ხდება თანამშრომლობა,“ — აღნიშნავს თაბაგარი.
რაც შეეხება სტატისტიკას, დრამატრული ცვლილება, გასულ წელთან შედარებით, არ ყოფილა, თუმცა,ზრდა აშკარად შეინიშნება. წელს ტურისტების დიდ რაოდენობას რუსი ტურისტები წარმოადგენენ. მათთვის საქართველო გეოგრაფიულად და დაბალი ფასების გამო მიმზიდველია, რაც შეეხება ევროპელ ტურისტებს, ისინი, არსებული დისკომფორტის გათვალისწინებით, საქართველოში არ ჩამოვლენ.
„სახელმწიფო დებს ფულს, რომ აშენდეს საბაგიროები, გზები, შემდეგ მოდის ინვესტორი და აშენებს საცხოვრებელ კორპუსებს, იქ სადაც ამის გაკეთება წარმოუდგენელია. შენობები თითქმის სათხილამურო ტრასებზეა გადასული. შემდეგ ეს ყველაფერი ქირავდება ისე, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი რეგულაცია. სახელმწიფოს არ გააჩნია არც ტურისტული მოსაკრებელი. ამხელა თანხა რომ იხარჯება, კითხვა ჩნდება, რისი მოლოდინი აქვს ქვეყანას. აქ რომ სასტუმრო აშენებულიყო, უამრავ ადამიანს დაასაქმებდა, სასტუმრო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადასახადებს გადაიხდიდა. ესეც ერთმანეთშია აღრეული. პრობლემა კომპლექსურია,“ — აღნიშნავს თაბაგარი.
commersant.ge