ვანეთში ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ის ზამთრის სეზონზე მომხმარებლებს მოემსახურება. ამ ეტაპზე მონტაჟდება საყრდენი ბოძები. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს მთის კურორტებში უთხრეს.
„მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, სვანეთში ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება. მოხდა ძველი საბაგიროს დემონტაჟი და ამჟამად ფუნდამენტის (საყრდენი სვეტების) მოწყობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ საბაგირო დამონტაჟდება. ზურულდის მთაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გონდოლის ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი გაეშვება. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1800 მგზავრი იქნება, საბაგიროს სიგრძე კი 1421 მეტრია, ეს გახლავთ 10 ადგილიანი გონდოლა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ–შვეიცარიული კომპანია „დეპოლმაიერ გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს“, - აცხადებენ მთის კურორტებში.
მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება. სწორედ ასეთი შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ჰაწვალის საბაგირო მთლიანად შესაცვლელია.
ზურულდი მთავარი საბაგიროა, რომლითაც მოთხილამურეები სარგებლობდნენ. იგი 4–ადგილიანია და ზღვის დონიდან 1868 მეტრიდან 2348 მეტრამდე ადის.
commersant.ge