ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზამთრის სეზონს „მარკო პოლო გუდაური“ სრული დატვირთვით შეხვდა
29 დეკემბერი, 2021

2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი, რომელიც 25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე ოფიციალურად გაიხსნა, აქტიურ ფაზაშია. როგორც „კომერსანტს“ გუდურის სათხილამურო კურორტების განვითარების მენეჯერმა გვანცა მირზიაშვილმა უთხრა, გუდაურში სასტუმრო “მარკო პოლო“ თითქმის სრულად დატვირთულია, სასტუმროს დამსვენებლები როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები არიან.

„სეზონის გახსნის მერეც და მანამდეც „მარკო პოლოში“ დამსვენებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა გვაქვს. როგორც ველოდით, უცხო ქვეყნებიდანაც საკმაოდ ბევრი დამსვენებელი მივიღეთ. ჩვენი სტუმრები ძირითადად უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან არიან, გვყავს ქართველი დამსვენებლებიც“, - აღნიშნა გვანცა მირზიაშვილმა.

ახალი წლის ღამისთვის, როგორც ყველა დიდი სასტუმრო, “მარკო პოლო“ მომხმარებელს საახალწლო ვახშამს შესთავაზებს. როგორც მირზიაშვილმა აღნიშნა, ახალი წლის ღამისთვის სასტუმრო ჯავშნებს უკვე იღებს, თუმცა რეგულაციების თანახმად, მსგავსი ღონისძიების მასპინძლობა, ასი პროცენტით მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე სასტუმროს შეუძლია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.