გაატარე ზამთარი საქართველოში! - ასე ქვია ახალ ტურისტულ კამპანიას, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ "USAID საქართველოსთან" და "სტელერთან" ერთად წამოიწყო. პროექტი USAID-საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.
სათავგადასავლო ტურიზმის წამყვანი ინფლუენსერები და ბლოგერები ამერიკიდან, კანადიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან და ირლანდიიდან უკვე საქართველოში არიან. სტუმრები ორ კვირას გაატარებენ საქართველოში და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მსოფლიოს, საქართველოს სათხილამურო და ზამთრის კურორტების შესახებ. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური ეწვია. ისინი დაათვალიერებენ საქართველოს სამთო კურორტებს და გაეცნობიან იქ არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფუენსერები ნახავენ გუდაურს, ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს. ინიციატივის ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყებენ საკმაოდ მაშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში და პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სამთო, სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID - ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდებზე აიტვირთება.
"მოხარულები ვართ წამოვიწყოთ ახალი ტურიზმის წამახალისებელი კამპანია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან და სტელერთან ერთად, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა სამოგზაურო კონტენტის შექმნის მიმართულებით," - აცხადებენ "USAID საქართველოში".
მათივე ინფორმაციით, ზამთრის ტურისტული კამპანია ჩვენი 2021 წლის ზაფხულის კამპანიის ანალოგია, რომლის მეშვეობითაც 7.5 მილიონი პოტენციური ვიზიტორის მოცვა მოხდა.
"აღნიშნული ძალისხმევა დაეხმარება საქართველოს გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურისტული ინდუსტრიის შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სამუშაო ადგილებს შექმნას," - აცხადებენ ორგანიზაციაში.
commersant.ge