„ზამთრის ტურიზმი ბევრად ძვირია, ამიტომ ზამთარში ჩვენი მოქალაქე კურორტებზე ვერ შეძლებს დასვენებას,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა ისაუბრა.
მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ კურორტის გახსნა ამ პირობებში უსაფრთხო არ არის და ამის მაგალითად ბათუმი მოჰყავთ. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზამთრის კურორტები აუცილებლად უნდა გაიხსნას, რადგან ისედაც საზღვრებ ჩაკეტილ მოსახლეობას შიდა ტურიზმი და სპოტული აქტივობები აუცილებლად სჭირდება. გარდა მაგისა, ფინანსურად ზამთრის კურორტების მოსახლეობა სწორედ ამ სეზონზეა დამოკიდებული. თუმცა ვატო ასათაშვილი სეზონის გახსნაში ფინანსურ სარგებელს ვერ ხედავს.
„დღეს მთავარი პრობლემაა ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა. ტურიზმზე საუბარი ზედმეტიც კია, ქვეყნის შიგნით შემოსავლები არ გვაქვს. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა უკავშირდება არასწორ გათვლებს და ბაქი-ბუქს მთავრობის მხრიდან, რომ საერთაშორისო ბაზრებისთვის ჩვენი ქვეყანა გაიხსნებოდა. ამისთვის სარეკლამო კამპანიებიც კი ჩაატარა ხელისუფლებამ. ვერაფერში გამოვიყენეთ მწვანე ზონის სტატუსი, ისე შევედით მეორე ტალღაში. ფიზიკურად გაზაფხულის სეზონმა ვერ იმუშავა, შიდა ტურიზმით შემოსულმა თანხებმა ბიზნესის საოპერაციო ხარჯებიც ვერ დაფარა.
ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ზამთრის საკურორტო სეზონი საერთოდ ვერ იმუშავებს. ყველაზე ოპტიმისტურად 2021 წლის ზაფხულის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბოლო 2-3 წლის მაჩვენებელს ვერ დაეწევა. ცოტა რაოდენობით შეიძლება იყოს დამსვენებელი მთის კურორტებზე, მაგრამ მინიმალური დანახარჯებით. ისიც არ ვიცით როგორი რეგულაციებით იქნება დასვენების პროცესი, შეიძლება თუ არა საბაგიროებზე დაჯდომა, მაგრმ ფაქტი ერთია, ზამთრის სეზონი – იქნება მკვდარი,“ – ამბობს ვატო ასათაშვილი.
Commersant