ბაზარზე ერთი თვის წინ კიდევ ერთი კვების მოძრავი ობიექტი ზაპრავკა გამოჩნდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი ახალგაზრდა დამფუძნებელი 19 წლის გელა ჯალიაშვილი აცხადებს, ამჟამად „ზაპრავკას“ საკვების დაგემოვნება ბაკურიანშია შესაძლებელი, იდეის ავტორი აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როგორც ახალგაზრდა ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ბიზნეში ჩადებული საწყისი კაპიტალი 6 000 დოლარი იყო.
-„ზაპრავკა“ ერთი თვის წინ შეიქმნა და მას მომხმარებელი უკვე იცნობს. თუმცა გარკვეული სეგმენტისთვის ის კვლავ უცნობია. უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველს თქვენი კომპანიის შესახებ...
-ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ნატურალური ინგრედიენტებითა და ახალი ხორცით დამზადებულ ბურგერებს. ჩვენი საწარმო მოძრავია და ძირითადად, სეზონურად სხვადასხვა კურორტებზე ვიმოძრავებთ. ამჟამად ბაკურიანში ვიმყოფებით. აქ ალკოჰოლურ სასმელებს ვერ ვამატებთ, რადგან ძირითადად ბავშვები ისვენებენ, სამომავლოდ ზამთრის კურორტებზე, რა თქმა უნდა, ალკოჰოლური სასმელების დამატებას ვგეგმავთ. გაყიდვებში ამჟამად ჩემი მეგობარი მეხმარება.
-როგორ მიმდინარეობს თქვენი ბიზნესის განვითარების ეტაპები და ბაკურიანის გარდა კიდევ სად შეიძლება თქვენი ხილვა?
-ბიზნესი ახალი დაწყებულია და ეს ჩვენი პირველი ცდაა. დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები ბათუმშიც მიგვიწვიეს, სადაც აუცილებლად წავალთ. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მოძრავი კვების ობიექტი სახელმწიფო პარკინგზე აკრძალულია, ამიტომ იქ ვერ ვიქნებით წარმოდგენილები. შემოდგომაზე კი შესაძლოა, კახეთში წავიდეთ, სადაც ამ დროს ბევრი ტურისტი იქნება. დროთა განმავლობაში ბიზნესი განვითარდება და GEM FEST-ზეც წავალთ.
-რა სახის ინვესტიცია ჩაიდო თავდაპირველად თქვენ ბიზნესში და რა სირთულეებმა იჩინა თავი?
-ბიზნესში ჩადებული თავდაპირველი ინვესტიცია 6 000 დოლარი იყო. მამაჩემმა უპროცენტო სესხი მომცა, რათა ბანკში არ მეხადა თანხა. ბანკთან ურთიერთობას ასეთი შეთანხმება ვამჯობინეთ. დროთა განმავლობაში მას ამ თანხას აუცილებლად დავუბრუნებ. რაც შეეხება სირთულეებს, თავდაპირველად სწრაფად მუშაობა გვიჭირდა, თუმცა პრაქტიკაში ყველაფერს მარტივად მივეჩვიეთ და სხვადასხვა უნარ-ჩვევები გამოვიმუშავეთ.
-რაც შეეხება სახელწოდებას, რატომ დაარქვით თქვენ ბიზნესს „ზაპრავკა“ და როგორ მოხდა მისთვის დიზაინის შერჩევა?
-სხვათაშორის ეს კითხვა ხშირად ჩნდება „ზაპრავკასთან“ მიმართებით. ბევრს ეს სახელწოდება რუსული პროპაგანდა ჰგონია და გვაკრიტიკებენ. ეს რა თმა უნდა, ასე არ არის, სახელოწოდება სამეგობრო წრეში გაჩნდა და შემდგომ ბევრი აღარ გვიფიქრია პირდაპირ „ზაპრავკა“ დავარქვით. თავდაპირველად ამას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა დროთა განმავლობაში თავის დამკვიდრება შევძელით. რაც შეეხება დიზაინს, მანქანა ბაკურიანში ერთ-ერთ ჩემ ახლობელთან აღმოვაჩინე. შემდგომ შევღებეთ ისე როგორც გვინდოდა და გადავაკეთეთ. ეს ფერები იმიტომ ავარჩიეთ, რომ ის თვალშისაცემია.
-პროდუქციის შენახვის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდება კითხვები, გვიამბეთ როგორ მზადდება და სად ინახება თქვენი პროდუქცია?
-ჩვენი საკვები პროდუქციის შევსება ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთი რესტორნიდან ხდება, სადაც ყველაფერი სათანადო პირობებშია შენახული. თავდაპირველად ყველაფერი წინასწარ განვსაზღვრეთ, მათ შორის ისიც თუ როგორ პირობებში უნდა გამზადდეს პროდუქტის დასამზადებელი ინვენტარიც.
-როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა და რითი უწევთ სხვებს კონკურენციას?
-ჩვენი პროდუქციის საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენთან ჰამბურგერი რვა ლარი ღირს. გვაქვს ასევე: კარტოფილი ფრი, ჰამბურგერი და კოკა-კოლა ათ ლარად. ასევე გვაქვს სამლარიანი ჰოთ-დოგები და კარტოფილი ფრი ორ ლარად. ჩვენ სხვა მსგავს ობიექტებს კონკურენციას ნატურალური და გემრიელი პროდუქციით, სასიამოვნო გარემოთი, თვალშისაცემი დიზაინით და კარგი მომსახურებით გავუწევთ.
-როგორია „ზაპრავკას“ სამომავლო გეგმები?
-სამომავლოდ კიდევ ერთი მანქანის დამატებას ვგეგმავთ და აუცილებლად სეზონურად უნდა ვიმუშაოთ სხვადასხვა კურორტზე. ეს შორეული გეგმაა, თუმცა მინდა „ზაპრავკამ“ ტკბილეულიც გაყიდოს. ასევე მსურს, რომ ხალხმა უკეთ გაიცნოს ჩემი ბიზნესი და „ზაპრავკა“ ცნობადი ბრენდი გახდეს, სადაც ადამიანები იაფად და გემრიელად მიირთმევენ საკვებს.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge