ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ Zarbazani wine and beauty დაახლოებით ორი კვირის წინ ღვინის კოსმეტიკის წარმოება დაიწყო. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა ნანა დავითაძემ უთხრა, საწარმო წავკისში ააშენეს და ძვირადღირებული დანადგარები ჩამოიტანეს. რაც შეეხება პროდუქციას, ნანა დავითაძის თქმით, ღვინის კოსმეტიკა აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტებზეა დამზადებული, ბაზა კი ინგლისიდან ჩამოაქვთ.
კომპანია „ზარბაზანი“ ბაზარზე დაახლოებით ორი წელია ოპერირებს და ღვინოს აწარმოებს, რომელსაც სხვადასხვა რესტორანსა და მაღაზიაში შეხვდებით.
„Zarbazani wine and beauty“ ბაზარზე თითქმის ორი წელია რაც ოპერირებს, ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ღვინის კოსმეტიკის ხაზის გამოშვება, წავკისში ავაშენეთ საწარმო, ჩამოვიტანეთ დანადგარები და დავიწყეთ ახალ პროდუქტზე მუშაობა. კოსმეტიკის ორგანული ბაზა ინგლისიდან ჩამოგვდის. ჩვენი პროდუქტის მთავარ დადებითი მხარე არის ის, რომ არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს არის 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით, ორგანულ ბაზებს ემატება ნატურალური ღვინო, ყურძნის ზეთი, ალოე, დეპანტენოლი დ ა ა.შ. დიზაინზეც ვიმუშავეთ, ამ საკითხს ძალიან დელიკატურად ვუდგებით და გვყავს ვერსალის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც შექმნა ჩვენი დიზაინი.
მაქსიმუმ ოცი დღეა, რაც პროდუქტი გამოვიდა გაყიდვაში, თუმცა მანამდე დაახლოებით ერთი წელი დაკვირვების რეჟიმში ვიყავით, ჩვენ ძალიან კარგი ტექნოლოგები გვყავს, რომლებმაც ბაზიდან ეს პროდუქტი სასურველი ფერით და ხარისხით მიიღეს.
გვაქვს ოთხი მიმართულება, ეს არის ხვანჭკარა, საფერავი, რქაწითელი და ოჯალეშის როზე. თითოეულ ამ მიმართულებაში წარმოებაში გავუშვით შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, მყარი და თხევადი საპონი და სამასაჟო ზეთი“, - აღნიშნა ნანა დავითაძემ.
კომპანიას ერთი ბრენდული მაღაზია ათონელის ქუჩაზე აქვს. როგორც ნანა დავითაძემ აღნიშნა, მეორე მაღაზიის დამატებას აღარ აპირებენ, რადგან კოსმეტიკური პროდუქტი ქსელურ მაღაზიებში და აფთიაქებში შეიტანეს, ასევე შესაძლებელია მისი ონლაინ შეძენაც. რაც შეეხება ღვინოს, მას მომხმარებელი რესტორნებსა და რამდენიმე მაღაზიაში შეხვდება.
commersant.ge