კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებისას პროექტით გაუთვალისწინებელი სხვა ახალი სარეკონსტრუქციო სამუშაოების საჭიროებაც გამოვლინდა.
ძეგლის ინტერიერსა და ექსტერიერზე მრავალი პრობლემური სეგმენტია, სარეაბილიტაციო სამუშაოების რამდენიმეთვიანი პროცესის შედეგად ტაძრის ინტერიერის ჭერსა და ფასადებზე ქვიშის ჭავლის მეთოდის გამოყენებით მოიხსნა გაჯის ნალესობა, გაწმენდილი ზედაპირი კირხსნარით დამუშავდა.
იმის მიუხედავად, რომ პროექტი ტაძრის სახურავის მხოლოდ 30% -ის რესტავრაციას ითვალისწინებდა, სარეაბილიტაციო პროცესისას ძველი სახურავის ხის კონსტრუქციაზე გამოვლენილმა ხარვეზებმა მისი მთლიანად შეცვლის აუცილებლობა წარმოშვა. ამჟამად ნაგებობის გადახურვა მთლიანად დემონტირებულია. ტაძრის ცენტრალურ ნავზე ძველი ხის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით და თუნუქის ნაცვლად სპილენძის ფურცლებით გადაიხურა. ბაზილიკის გვერდითა ნავები ანალოგიური გზით სექტემბრის ბოლომდე დაიხურება.
რესტავრატორების მიერ ფრაგმენტულად აღსადგენია საბჯენი თაღისა და სვეტის კაპიტელები.. სპეციალური აპარატურითაა შესასწავლი საკურთხეველის ჩრდილოეთით გაჩენილი ბზარები, რომლის შიგნით არსებული სიცარიელეები სპეცხსნარითაა შესავსები. აუცილებელია ტაძრის ცენტრალური და სამხრეთ ნავების ექსტერიერის ფასადების ქვიშისა და წყლის ჭავლით გაწმენდაც.
ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, რომელიც მომდევნო წელს დაიწყება. სარესტავრაციო პროცესი იატაკსა და ტაძრის ნავებს შეეხება. კონსერვაცია ჩაუტარდება კომპლექსის გალავანს. პარალელურად დაიწყება სამონასრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც.
ზედაზნის სამონასტრო კომპლექსზე სამუშაოებს კომპანია „კამარა“ ახორციელებს.
www.travelingeorgia.ge