ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზემო ხალაწანში ბზიანას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
31 აგვისტო, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ბზიანას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეკლესია ადგილობრივი ხელოსნების მიერ არის აგებული, რაც ვლინდება კიდეც შენობის არქიტექტურულ ფორმებსა (დამოკლებული პროპორციები, არასწორი მოხაზულობის ნალისებრი აფსიდა, დაბრტყელებული კონქი) და მშენებლობის ტექნიკაში და ინდივიდუალურ მახასიათებელ იერს სძენს ნაგებობას.

ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. დარბაზულია სამხრეთის მინაშენით. აღმოსავლეთი და სამხრეთი მხარე ღრმად ზის მიწაში. შესასვლელი სამხრეთიდან - მინაშენიდან აქვს. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული და ნაოთხალი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედელში გაჭრილი თითო სარკმლით. სარკმლები სწორკუთხაა გარეთკენ შევიწროვებული. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აბსიდია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ ტრაპეზია კედელზე მიდგმული. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშია.

აბსიდა დასრულებულია დადაბლებული პროპორციების კონქით. დარბაზი თითქმის აბსიდას უტოლდება. დასრულებულია ცილინდრული კამარით. დასავლეთის კედლის სამხრეთ ნაწილში კედლის წყობის ნაშთია (ამ ეტაპზე არ ირკვევა რისი ნაწილი უნდა ყოფილიყო). მინაშენი ვიწროა და მთელ სიგრძეზე გასდევს ტაძარს. უაბსიდოა. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. კარი ნაოთხალიანია. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო გარეთკენ შევიწროვებული სწორკუთხა სარკმელია. მინაშენი დასრულებული იყო ცილინდრული კამარით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ნაგებობა ეკვროდა. ამჟამად მხოლოდ დასავლეთი კედლის ნაშთი იკითხება. ეკლესიას შემოსდევს ქვის გალავანი. ეზოში შემორჩენილია ქვევრები.

www.travelingeorgia.ge
 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.