ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული, „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ როგორი სიტუაციაა ზღვისპირა ქალაქებში მდებარე საოჯახო სასტუმროებში. აღმოჩნდა, რომ ბათუმსა და ქობულეთში წელს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების ნაკადმა იკლო. როგორც ჩვენთან საუბრისას საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები აცხადებენ, დამსვენებლების რაოდენობის შემცირება ძირითადად უამინდობით და ფასების სიძვირითაა გამოწვეული.
როგორც ქობულეთში მდებარე „საოჯახო სასტუმრო დავით აღმაშენებლის 816“-ის მფლობელი პაატა ბალაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, შარშანდელთან შედარებით მის სასტუმროში წელს ტურისტების რაოდენობამ 10%-ით იკლო.
“წელს ტურისტები კი გვყავს, თუმცა შარშან ამ პერიოდში უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. სტუმრები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთიდან და რუსეთიდან გვყავს. ტურისტების ნაკადმა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით იკლო და ამას უამინდობას ვუკავშირებ.“ - განაცხადა პაატა ბალაძემ.
წელს ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობენ საოჯახო სასტუმრო „ქობულეთი 361“-შიც: „შარშანდელ პერიოდთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობამ 15%-ით იკლო. ამ ყველაფერზე უამინდობაც მოქმედებს. ჩვენს სასტუმროს ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან სტუმრობენ.“
რაც შეეხება ბათუმის საოჯახო სასტუმროებს, როგორც მათი მფლობელები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, ტურისტების ნაკადის კლება წელს მათთანაც შეინიშნება.
“ჯერ-ჯერობით ტურისტების საშუალო ნაკადი მყავს და ვერ ვიტყვი, რომ დიდი რაოდენობაა. შარშან ამ პერიოდში უკეთესი მდგომარეობა მქონდა. ტურისტების რაოდენობის კლება უამინდობითაა გამოწვეული. მათმა რაოდენობამ შარშანდელთან შედარებით 30%-ით იკლო. როგორც კი ამინდები გამოვა ტურისტებიც გვეყოლება.“ - განაცხადა ბათუმში საოჯახო სასტუმრო „ვიტალის“ მფლობელმა ვიტალი ბერიძემ.
დამსვენებლების რაოდენობა შარშანდელის ანალოგიურია საოჯახო სასტუმრო დივინოში. „ამ ეტაპზე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით ნორმალური, დაახლოებით იგივე რაც შარშან იყო. თუმცა ახლა უკვე აგვისტო დაიწყო და სტატისტიკის გაკეთება თვის ბოლოსთვის უფრო უკეთ შეიძლება. აქ ზოგადად ყველაფერზე ფასების სიძვირეა და ამ ყველაფერს ხალხი ძალიან კარგად ხედავს. ტურისტები ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან მყავს.“ - განაცხადა.“ - განაცხადა საოჯახო სასტუმრო „დივინოს“ მფლობელმა ომარ კორძაიამ.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge