ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მდებარე XIV-XV სს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხოსპიოს ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები (დეკორატიული თაღები, თაღოვანი სარკმლები).
დარბაზული ეკლესია დგას სოფლის განაპირას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ნაგებია ნათალი სხვადასხვა ფერის ბაზალტის კვადრებით.
გარედან არქიტრავული და შიგნიდან თაღოვანი კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი.
სარკმლები გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან თაღოვანი. კედლები თაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული. გადახურულია თუნუქით.
კედლები სადაა და მოკლებულია ყოველგვარ ორნამენტს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია. მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშები და სამალავებია. კონქი მხრებზე გადასულ თაღს ერყდნობა. საკურთხეველი მოგვიანებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. კედლებს დაბლა საფეხური შემოუყვება. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრია. ასეთივე ნახევარპილასტრებია დასავლეთი კედლის კიდეებშიც.
პილასტრების ზედა საფეხურიდან კამარის საბჯენი თაღები გადადის, ქვედა საფეხურიდან კი დეკორატიული თაღებია გაკეთებული. ეკლესიას სამხრეთიდან ქონია გვიანი პერიოდის მინაშენი, რომლის კვალი შედარებით კარგად იკითხებოდა 1979 წ. იქვე შუა საუკუნეების სასაფლაოა, რომლიდანაც შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური საფლავის ქვა.
www.travelingeorgia.ge