ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველობილიკის მოწყობა იგეგმება. ველო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი კომპანია „ივერია მოტორსს" და მის პარტნიორ ფრანგულ კომპანია SMOOVE-ს ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ქიშმარია რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბათუმში უკვე განახორციელეს ველოტრასების პროექტი, რომელიც წარმატებული გამოდგა და ბათუმს აქვს თანამედროვე ველოპარკი.
„ ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისი, საქართველოს მსხვილი ქალაქები და დადგინდა, რომ თბილისში ველოტრასებითვის მისაღები რელიეფია, ასევე მიმზიდველია ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი. ჩავატარეთ პრეზენტაციები ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებთან და ჩვენი კომპანია მზად არის ველოპტრასების მოწყობის შემთხვევაში შემოიყვანოს თანამედროვე სტანდარტის ველოსიპედები და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა" - აცხადებს ქიშმარია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუგდიდის ძირითად ნაწილში ველოტრასების მოწყობა და ასევე ზუგდიდის სადგურიდან ანაკლიამდე დაახლოებით 35 კილომეტრის ტრასის გაკეთება. ქიშმარიას განმარტებით, ზაფხულში ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ჯემფესტი" ტარდება, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია იქნება ტურისტების თავშეყრის ადგილი. პირველ ეტაპზე ზუგდიდისთვის 100 ველოსიპედის შეყვანა იქნება საკმარისი.
„ივერია მოტორსის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობების მხრიდან არის მზადყოფნა პროექტი განხორციელდეს.
„ველოტრასების პარალელურად უნდა მოეწყოს ველო-სადგომებიც. მაგალითად თბილისში ყოველ 500 მეტრში უნდა განთავსდეს სადგომები ძირითად ლოკაციებზე, ანუ იქ, სადაც ტურისტული ნაკადებია, ველოსიპედების გაქირავების ფასი კი 1 ლარის ფარგლებში იქნება. „ აცხადებს ქიშმარია
მისივე თქმით, ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში არის ველოპარკი. ფრანგულმა კომპანია მოსკოვსა და ასტანაში უკვე გააკეთა მსგავსი პროექტი, მუშაობა მიდის ბაქოში და დუბაიში.
ქიშმარიას თქმითვე, პირველ ეტაპზე საუბარი 3-5 მილიონი დოლარის ინვესტირებაზე ველოსიპედების შემოყვანაში და შემდეგ საინვესტიციო მოცულობები გაიზრდება.
მსოფლიოს 12 ქვეყნის 20 ქალაქში განლაგებულია კომპანია SMOOVE -ის ველოსიპედების გაქირავების 460 ტერმინალი 8500 ველოსიპედით.
კომპანია 2008 წელს შეიქმნა, დიზაინის შემუშავების, დამზადების, მონტაჟის და ავტომატიზებული ველო-გაქირავების სისტემის კონტროლის და მათი ტექნიკური მომსახურების, მართვისა და დამატებითი ველოსერვისის შექმნის მიზნით.
ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია
COMMEARSANT.GE