რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაო ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა.
“სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ზაფხულში დავასრულებთ ამ პროექტს და ზუგდიდელებსა და ქალაქის სტუმრებს შესანიშნავი სივრცე დახვდებათ დასვენებისთვის. ეს არის ნაწილი დადიანების სასახლის ტერიტორიის, სადაც ბევრი სამუშაო განხორციელდა, მათ შორისაა, ბოლო დროს, “ქართუს” დახმარებით, ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია. მთლიანობაში, ეს კომპლექსი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული ლოკაცია გახდება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების განახლებას, წყალმომარაგების სისტემების გამართვასა და სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.
ამჟამად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.
www.bm.ge