ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დადიანების სასახლესთან ბიბლიოთეკის მშენებლობაზე 12,8 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა (ფოტოები)
23 ივნისი, 2021

ზუგდიდში, დადიანების სასახლის გვერდით ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის, მუზეუმისა და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობამ ამ პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკისგან სესხი მიიღო. ორსართულიან შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკის არქივი, საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი , საკონფერენციო დარბაზები, საგანმანათლებლო სივრცე,  კაფე და ვერანდა.

პროექტზე  შპს თ-არქიტექტსმა იმუშავა, როგორც პროექტის ავტორი და არქიტექტურული კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ინასარიძე „კომერსანტს“ უყვება, სივრცე 2500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და პარკის ნაწილი იქნება.

„ეს იქნება მედიათეკა, რომელიც ბიბლიოთეკას,   საგამოფენო სივრცეს მოიცავს. პირველი სართული არქივი იქნება,  საკონფერენციო დარბაზიც.  მიწისქვეშა სართულზე ფართს ვაძლევთ მუზეუმების გაერთიანებას, ხოლო ზედა სართულზე - ამფითეატრი. მეორე სართულის ნაწილი  ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ცენტრს დაეთმობა.   სულ არის 2 სართული მიწის ზევით, ერთი კი - მიწის ქვევით. ეს ცენტრი პარკში დადიანების სასახლესთან აშენდება და გამიზნულად არ ვაკეთებთ ღობეს, რომ შერწყმული იყოს პარკთან,“ - ამბობს გიორგი ინასარიძე.

პროექტის შემსრულებლებისთვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 824 350 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 29 ივლისს დასრულდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.