აჭარაში ტურისტული სეზონი დაიწყო. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი სეზონის გახსნის ღონისძიებას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო და ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს აჭარაში სასიამოვნოდ დასვენება უსურვა.
ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარა წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტს მიიღებს, რისთვისაც ინფრასტრუქტურა უკვე გამართულია.
წლევანდელი ტურისტული სეზონის სლოგანია „ზაფხული იწყება აქ”.
“უამრავი სტუმარია უკვე ჩამოსული. ბათუმში ტურისტული სეზონი წელს ნაადრევად დაიწყო. ბათუმი ეს არის მოწესრიგებული ქალაქი, ეს არის ახალი ინფრასტრუქტურა. ბულვარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ახალი საფეხმავლო გზა, ასევე ველობილიკი. ბულვარი არის მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა გამართული. საპლიაჟე ინფრასტრუქტურაზე წელს ჩვენ გვექნება ფიქსირებული ტარიფები. ახალი ინვენტარი უკვე შეძენილია. მოეწყობა ზღვაზე ახალი გადასასვლელები“, აცხადებს პატარაძე.
როგორც ამბობს, აჭარაში მხოლოდ საზღვაო ტურიზმი არ არის განვითარეებული და რომ აჭარა ტურიზმის ბევრ სექტორში უკვე პოპულარულ მიმართულებად მიიჩნევა.
„მნიშვნელოვანია, რომ ბათუმი წელს ტურისტულ სეზონს ახალი სასტუმრო კომპლექსებით ხვდება. ასევე რეგიონს შეემატა პატარა სასტუმროები, გესტჰაუსები. ზოგადად აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა, აჭარაში არის მაღალმთიანი კურორტებიც, განვითარებულია სოფლად ტურიზმი, ექსრემალური ტურიზმი, სამთო-სათხილამურო ტურიზმი“, აცხადებს პატარაძე.
მისივე ინფორმაციით, 2016 წელს აჭარამ 1,5 მლნ ტურისტს უმასპინძლა, 2017 წელს კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამაზე კი ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც მეტყველებს, რომელიც გაზრდილია. 2016 წლის ტურისტულ სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 1 კვირის განმავლობაში 23 დანიშნულების წერტილიდან 82 რეისი ხორციელდებოდა. წელს კი ბათუმის მიმართულებას ოპერირებას 25 ავიაკომპანია განახორციელებს, საიდანაც 8 ავიაკომპანია ადგილობრივ ბაზარს ეხლახანს დაემატა.
www.bpi.ge