ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზვიად კორძაძე კახეთში შატოს 2025 წელს გახსნის
20 მარტი, 2024

ადვოკატ ზვიად კორძაძის კომპანია "ბარბალეს მარანი" კახეთში შატოს აშენებს.  პროექტზე მუშაობა კომპანიამ 2023 წელს დაიწყო. როგორც ზვიად კორძაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მომავალი წლის შემოდგომაზე შატო პირველი სტუმრების მისაღებად მზად იქნება.

პროექტი უჯარმაში განხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება ₾0.5 მლნ-ზე მეტია.

რაც შეეხება კონცეფციას, შატოს ბაზაზე იქნება როგორც ღვინის მარანი, ასევე ვენახები, სადეგუსტაციო სივრცე, კოტეჯები და სხვა.

’’შატოს მშენებლობა  ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც მიზნად დავისახეთ. პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და მომავალ წელს გავიხსნებით. 2025 წელს რთველს უკვე ახალ ლოკაციაზე მივიღებთ. შატო ერთიანი ტურისტული ცენტრის შემადგენელი ნაწილი  გახდება, სადაც დამთვალიერებლებს მაქსიმალურ კომფორტს შევთავაზებთ. აქ იქნება ღვინოც და წარმოებაც. ვიმედოვნებთ, რომ შატოს პოპულარობას ხელს შეუწყობს მდებარეობაც, რომელიც თბილისთან ახლოსაა. ტურისტული ობიექტის ნახვას, დათვალიერებას და უკან დაბრუნებას ერთ დღეში შეძლებენ მომხმარებლები, თუმცა  ამის პარალელურად განთავსების შესაძლებლობაც გაჩნდება. რამდენიმე კოტეჯის მშენებლობას ახლა ვიწყებთ. ვფიქრობთ, ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში თანაბრად გამოიწვევს ინტერესს. ჩვენი პოტენციური მომხმარებელია ყველა, ვისაც ბუნებაში  კომფორტული დასვენება იზიდავს“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.

რაც შეეხება ტურისტული ობიექტის განთავსების არეალს, 3 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

"ბარბალეს მარანი" ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, სადაც წელიწადში 3000 ბოთლამდე ღვინო ისხმება. "ბარბალეს მარანი" ამ ეტაპზე 8 სახის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ცოლიკაური, უსახელოური, ხიხვი და ხვანჭკარა.

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.