ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ახიბოხის «ფანჯარა»
ოკუპირებული აფხაზეთი

მდებარეობა: გაგრის მუნიციპალიტეტში, გუდაუთის და სოხუმის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, აჭანდარისა და ფსხუს სასოფლო სკარებულოს ტერიტორიაზე. ბზიფის ქედის შუა ნაწილის თხემზე მდინარე ააფსთის სათავესთან, მთა ,,თურქული ქუდის” სიმაღლე 2516 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო ბუნებრივი ,,ფანჯარა” წარმოდგენილია მთის ფერდობზე დაახლოებით ზღვის დონიდან 2400 მეტრ სიმაღლეზე.

კოორდინატები: N 43017’31’’; E 40045’30’’

მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 575 კმ. სოხუმიდან 125 კმ, გუდაუთიდან 85 კმ. ქალაქ გუდაუთის აღმოსავლეთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან სოფელ აჩანდარამდე მიდის ქვიანი გზა (მანძილი გადასახვევიდან 30 კმ), შემდეგ გრუნტის გზა მიემართება მთა დუდრიფშის მიმართულებით, შემდეგ კი საფეხმავლო ბილიკი მიემართება ხიფსთას მთის (2494 მ) მიმართულებით, ხოლო მთა ხიფსთადან აკუგრას მთის (2511 მ.) სამხრეთ ფერდობის გავლით ახიბოხის ფერდობის ძირამდე მიდის რთულად სავალი ბილიკი, საფეხმავლო გზის მთლიანი სიგრძე დუდრიფშის მთის ფერდობიდან ,,ახიბოხამდე” შეადგენს 40 კმ.

უნიკალურობა: უცნაური ბუნებრივი ,,ფანჯარა” (გამჭოლი ბუნებრივი გვირაბი).

კირქვული კლდოვანი მასივი ახიბოხი 2516 მეტრი ზღვის დონიდან, რომელსაც ადგილობრივი რუსი მოსახლეობა, მისი მოყვანილობის გამო, ,,თურქულ ქუდს” უწოდებს, შესანიშნავია როგორც იშვიათი ,,სარკმლიანი მთების” ტიპიური წარმომადგენელი. მისი აფხაზური სახელწოდება ,,ახიბოხ” მთავრის მთას ნიშნავს და მიგვითითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ მწვერვალის ირგვლივ მდებარე საზაფხულო საძოვრები აფხაზთა ძველი მთავრების – შერვაშიძეების საკუთრებად ითვლებოდა. მთა აგებულია ქვედაცარცული ასაკის კირქვებით, მისი ზედა ნაწილი თითქმის ვერტიკალური, შიშველი ფერდობებით არის წარმოდგენილი. გეოგრაფი ლევან მარუაშვილი მიიჩნევდა, რომ ეს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნი, მთის ფანჯარა” დახლოებით 5 მილიონი წლის წინ გაჩენილი კარსტული სიღუეა.

მდინარე ააფსთის (ბაკლანოვკის) ხეობიდან შორიდანვე მოჩანს ახიბოხის ,,ფანჯარა” – კირქვის კლდეებში გახსნილი გამჭოლი ბუნებრივი გვირაბი ლურჯი ცის ნაგლეჯით (ღამით მასში მთავრის და ვარსკვლავების დანახვაც შეიძლება). ეს ,,ფანჯარა” წარმოადგენს კარსტული მღვიმის ფრაგმენტს (ზღვის დონიდან 2400 მეტრ სიმაღლეზე). ,,ფანჯრიდან” იშლება ვრცელი სანახაობა: ერთ მხარეს – აფხაზეთის სანაპირო, შავი ზღვა, ისტორიულ ლაზეთში ამართული ნაწილი პონტოს ქედისა და მეორე მხარეს – აფხაზეთის კავკასიონის მწვერვალები. მსოფლიოში ,,სარკმლიანი მთები” ცნობილია არგენტინაში (სიერა დე ლა ვენტანი) და ნორვეგიის ნაპირთან (კუნძული ტორგჰატენი).

ამჟამად ახიბოხის ,,ფანჯარა” საკმაოდ ძნელი მისადგომია როგორც სამხრეთიდან გუდაუთიდან, ისევე ჩრდილოეთიდანაც სოფელ ფსხუდან. საჭიროა ცხენით მგზავრობა 2-3 დღის განმავლობაში და შემდეგ კირქვულ კლდეებზე ხოხვა. ბუნების საოცარი ძეგლის ,,ფანჯრის” მისადგომების მარკირებისა და კეთილმოეწყობის შემთხვევაში, ეს ადგილი შესაძლებელია იქცეს საუკეთესო ადგილად, ამ მიდამოებიდან შესაძლებელი იქნება გადაშლილი საინტერესო პანორამული ხედებით დაინტერესება.

დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.