აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და ციხე
აწყური შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი იყო. დღევანდელი სოფ. აწყური (ძვ. სახელი _ სოსანგეთი) მდებარეობს ქ. ბორჯომიდან 30, ხოლო ქ. ახალციხიდან 22 კმ-ზე. პირველი ტაძარი სოფლის ტერიტორიაზე VII ს-ის დასაწყისში აუგიათ. IX ს-ის დასაწყისში აქ უკვე არსებობდა საეპისკოპოსო ტაძარი. XI ს-ში კი აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აუგიათ. იგი შუა საუკუნეების საქართველოს უდიდესი ტაძარია ფართობის მიხედვით. XIII-XIV სს-ში სამცხის მთავრებს, ათაბაგ ჯაყელებს განუახლებიათ ეკლესია. თუმცა მიწისძვრებმა და დამპყრობელთა შემოსევებმა ტაძარი ძლიერ დააზიანა. საბოლოო ნგრევა მან ოსმალთა ბატონობის ბოლო პერიოდში განიცადა. გუმბათი, გუმბათის ყელის კამარა და ტაძრის კედლები ჩამოქცეულია. აწყურში მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები: გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), გაბრიელ კოტაი (XI ს.), იოაკიმე და იერემია მაწყვერლები (XVI ს.)
ტაძრის სიახლოვეს მდებარეობს აწყურის ციხე, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრის თანამედროვეა. ეს საფორტიფიკაციო ნაგებობა სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. 1579 წ-დან ციხე ჩილდირის ვილაიეთის შემადგენლობაშია. 1770 წელს ქართველთა და რუსთა ჯარმა უშედეგოდ სცადა მისი აღება. 1829 წლის ადრიანოპოლის ზავის შედეგად ეს ციხე სამცხის რეგიონთან ერთად ოსმალეთის იმპერიამ დაუთმო რუსეთის იმპერიას.
აწყურის ციხე აშენებულია მიუდგომელ კლდეზე, რაც განსაკუთრებით ზრდიდა მის თავდაცვითუნარიანობას. ციხეში შესვლა კლდეში ნაკვეთი ვიწრო გვირაბით იყო შესაძლებელი.
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"