ბირთვისის ციხე-სიმაგრე წარმოადგენს 11 საუკუნის ძეგლს და მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისიდან 30კმ-ში. დაბა მანგლისიდან მიუყვებით გზას სოფელ ფარცხისის მიმართულებით ხოლო იქიდან აღმოსავლეთით 7კმ-ში მდებარეობს აღნიშნული ძეგლი, ჩრდილო-აღმოსავლეთით 13 კმ-ში მდებარე სოფელ ტბისის ჩრდილოეთით 3,5 კმ-ში.მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით ბირთვისების მიმდებარედ, ხოლო იქედან საცალფეხო ბილიკით ბირთვისის ციხე-სიმაგრისკენ.
ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი გაგებით ციხე, ე.ი. იგი არ არის ერთად თავმოყრილ ნაგებობათა კომპლექსი, არამედ ესაა კონუსური ფორმის, კლდოვანი მთების ჯგუფების გაერთიანება, რომელიც დაახლოებით 1 კვ. კმ-ს მოიცავს. სამწუხაროდ ბირთვისის ციხის გენერალური გეგმა არ მოგვეპოვება.
ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული. როგორც „მატიანე ქართლისაის“ ავტორი გვატყობინებს, თბილისისთვის ერთ-ერთი ბრძოლის დროს „ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილისელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი“. როგორც ირკვევა, ბაგრატ III-ის მეფობის დროს, ქვემო ქართლის ნაწილი ბირთვისიანად ამირას ხელში იყო. მოგვიანებით კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ, სხვა ციხეებთან ერთად, ბირთვისის ციხეც დაკარგა.
ბირთვისმა თემურ-ლენგის ლაშქრის არაერთი შემოტევა მოიგერია. პირველი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, მან თავის წარმომადგენელებს ციხის მიდამოების და გზების უკეთ შესწავლა დაავალა, თავად კი გზა გააგრძელა. 1403 წელს, მერვე ლაშქრობის დროს, თემურ ლენგი კვლავ უბრუნდება ციხეს. ქართველებს ციხე კარგად გაემაგრებინათ, მოემარაგებინათ სანოვაგე, წყალი და ღვინო. ამ დროს ბირთვისის ციხისთავი ვინმე ნაზალი იყო. მის გარდა ციხეში 30 ქართველი თავად-აზნაური იმყოფებოდა ოჯახებითა და 150 კაციანი ამალითურთ. თემურ-ლენგის მოსვლამდე მონღოლებმა არაერთხელ სცადეს ციხეზე შეტევა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ციხის მცველები მტრის გასაღიზიანებლად, ხანდახან მაღალ მთაზე ადიოდნენ, იქიდან მათ დასანახად ყანწით ღვინოს სვამდნენ და ომახიანად ქართულ სიმღერებსაც დასძახებდნენ. განრისხებულმა თემურ-ლენგმა შეტევის განხორციელება პირადად თავის თავზე აიღო: მისი ბრძანებით სარდალმა შაჰ მელიქმა ჭიშკრის პირდაპირ სამ დღეში ისეთი სიმაგრე ააგო, რომ შიგ სამი ათასამდე მეომარი ჩაეტეოდა, ხოლო ციხის უკან კი - ორი სიმაგრე. გარდა ამისა, მან ყოველი მხრიდან სატყორცნი და სანგრევი მანქანები დააყენა. ამ ზომების მიუხედავად, მტერი მაინც ვერაფერს გახდა. მაშინ თემურ-ლენგმა ასეთ ხრიკს მიმართა: თავისი ლაშქრიდან ის მეომრები აარჩია, რომლებსაც კლდეზე ცოცვა შეეძლოთ და მათ ბირთვისის ციხის სამხრეთ კლდოვან ნაწილზე აცოცება დაავალა. ციხის ეს ნაწილი იმდენად მიუდგომელი იყო, რომ ქართველებს ამ მხარეში მცველები არ ჰყავდათ დაყენებული. 50-მა მეომარმა ბამბისა და აბრეშუმისაგან დამზადებული თოკებით კიბეები გააკეთა, რომელიც თემურ-ლენგის ბრძანებით, ციხეზე ასვლისას, მაღალი მთის წვერზე უნდა დაემაგრებინათ. მეორე დილით კი ციხეში უნდა ჩაეღწიათ და ალაყაფისკენ გაჭრილიყვნენ. იქ მეომრები ორად გაიყოფოდნენ და ერთი ნაწილი რომ ალაყაფის გაღებას შეეცდებოდა, მეორე რკალად შეიკვრებოდა და დაიცავდა ქართველებისგან.
ეს დავალება მეომრებმა კარგად შეასრულეს. მთელი დღე-ღამის განმავლობაში მტერი ქართველებს მოსვენებას არ აძლევდა. შემდეგ თემურ-ლენგის ბრძანებით შეჩერდა ლოდების სროლა. დაღლილ-დაქანცულ ქართველებს მოსვენების და ძილის საშუალება მიეცათ. მტერსაც ეს უნდოდა. დაბნელდა თუ არა, თემურ-ლენგის სარდალი ზემოთ მცოცავების სათითაოდ აგზავნას შეუდგა. დილისთვის ციხეში შესვლა 33-მა მეომარმა მოახერხა. ისინი ალაყაფისკენ გაეშურნენ. მართალია, ქართველი მეციხოვნეები მათ მაშინვე ხმალდახმალ მიეგებნენ, მაგრამ ამჯერად მტრის მოგერიება არც ისე იოლი აღმოჩნდა. როცა ციხეში ეს ამბები ხდებოდა, მის ალაყაფზე მოწინააღმდეგის რჩეულმა ჯარმა გარედანაც მიიტანა იერიში. დანარჩენი ლაშქარი თემურ-ლენგს ბირთვისის ციხის გარშემო მთის ფერდობებსა და მწვერვალებზე ჰყავდა განლაგებული და „მეციხოვნეთა სულისათვის მოთმინებისა და ხორცისათვის ძალის წასართმევად“ მწყობრად აგუგუნებდნენ სამხედრო ყიჟინას. თვით თემურ-ლენგი ბირთვისის ციხის მოპირდაპირე მთის ფერდობზე იდგა იქიდან ადევნებდა თვალყურს ციხისთვის გამართულ ბრძოლას. მტრის რიცხოვბრივმა სიმრავლემ თავისი გაიტანა და გატეხა ქართველთა წინააღმდეგობა. დაჭრილ-დასახიჩრებული და ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნეები, რომელთა შორის ბირთვისის ციხისა და მიდამოების მფლობელი თორელიც იყო, შეიპყრეს და თემურ-ლენგს წარუდგინეს. თემურ-ლენგმა მას სიცოცხლის შენარჩუნების ფასად ისლამის მიღება შესთავაზა, რაზეც ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ ყველა მათგანი წამებით გამოსალმეს სიცოცხლეს.
ბირთვისის ციხის წინააღმდეგობამ დიდი როლი შეასრულა ქვეყნის იმდროინდელ ვითარებაში. ქართველთა თავგანწირულმა წინააღმდეგობამ ერთი თვით მაინც შეაყოვნა თემურ-ლენგის უზარმაზარი ლაშქარი მის კარიბჭესთან.
ბირთვისის ციხის შემდგომი ისტორიიდან, რაც მატიანეთა ფურცლებზე შემორჩა, საინტერესოა შაჰ თამაზის ლაშქრობის ამბავი 1541 წელს. სამხრეთ საქართველოში, მან,რაზეც ხელი მიუწვდებოდა, არაფერი დატოვა წაულბიწავი. მთელ მხარეში მხოლოდ ბირთვისის ციხე დარჩა ხელუხლებელი. კარგად შეიარაღებული მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი მასაც შემოადგა, მაგრამ ციხეს რომ ვერაფერი დააკლო, შაჰი მეციხოვნეებს უვნებლობას შეჰპირდა დანებების შემთხვევაში. ასეთი ხერხით მოახერხა მან ციხის ხელში ჩაგდება.
ბირთვისთან არის დაკავშირებული ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის ბრძოლის ერთი მომენტიც. ამ მხარის და ბირთვისის ციხის მფლობელი ქაიხოსრო ბარათაშვილი ირანელთა მხარეზე იყო. მან ციხის გარნიზონი ახლად მოყვანილი 500 ყიზილბაშით გაზარდა. სააკაძემ, ეს ამბავი რომ გაიგო, ასეთ ხერხს მიმართა: გამთენიისას თავს დაესხა ბარათაშვილის რეზიდენციას სოფელ ტბისში და შეიპყრო თვით ქაიხოსრო და მისი ძმა ხოსია. რადგან მეპატრონეები ხელთ იგდო, ციხესაც ადვილად მოუარა. მან მოღალატე თავადები აიძულა, თვითონვე გამოეყვანათ ციხიდან ირანელთა ჯარი. ქართველებმა ხუთასივე ყიზილბაში გაანადგურეს.
კიდევ ერთი საინტერესო ცნობა, რომელიც XVIII საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს შეეხება: მეფე ერეკლეს ბატონიშვილი აბდულა ბეგი განუდგა. მას მხარს უჭერდნენ ბარათაშვილები. მეფე ერეკლე ჯარით მიადგა საბარათიანოს - სურდა უბრძოლველად შემოერიგებინა ისინი. ბირთვისში გამაგრებულ ბარათაშვილებს შუამავლები მიუგზავნა: შეჰპირდა პატიებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ვერც სამშვილდეში გამაგრებულნი შემოირიგა. მაშინ მეფემ გადაწყვიტა, სარჩო მოესპო მათვის. შემოდგომის პირი იყო, შეუსია ჯარი და სამშვილდისა და ბირთვისის ახლომახლო ყანები მოაცელვინა. ჩამოეგებნენ ბარათიანი, შეიქმნა ფიცხელი ომი. მეფემ სძლია მათ და ციხემდე სდია. შემდეგ კი მემატიანე ლაკონურად წერს: „ბირთვისის ციხის ომი ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალნენ, წაახდინეს, საცა რამ შენობა იყო.“ ამ ცნობებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ავტორი სრულიად დაჯერებით ამბობს: ბირთვისის ციხე ბრძოლით არ აიღებოდაო!