ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ხერთვისის ციხე და წუნდა
სამცხე ჯავახეთი
ხერთვისის ციხე და წუნდა
 
ხერთვისი შუა საუკუნეების ციხესი­მაგ­რეა სამცხი­სა და ჯავახეთის საზღვარზე, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე, მდინარეების _ ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე არის აღმართული. სწორედ ციხის გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება მისი სახელი. ხერთვისის ციხე წყაროებში იხსენიება XI ს-დან. 1578-1829 წლებში ხერთვისის ციხე ოსმალური გარნიზონის სამყოფელი და ადმინისტრაციული ცენტრია. ციხეს ატყვია მრავალგზის გადაკეთების (ქართული, რუსული, ოსმალური) კვალი. ხერთვისის ციხე გამოირჩევა დიდი ფართობით და სათავსოების სიმრავლით. აქვს მიუდგომელი ციტადელი, კარის ეკლესია. ციხე წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთიდან გაყვანილი გვირაბის საშუალებით.
 
წუნდა ჯავახეთის ძველი პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი იყო. ამჟამად ამ ადგილს ეწოდება სოფ. ნაქალაქევი (ძველი ქალაქი). მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. გადმოცემით ქალაქი დაუარსებია ეთნარქ ჯავახოსს. ქართლის სამეფოს დამაარსებელმა მეფე ფარნავაზმა (ძვ. წ. IV-III ს.) წუნდა საერისთავოს ცენტრად გადააქცია. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო გზები. წუნდის ეკლესია მცირე კლდეზე აღმართული, სუფთად გათლილი სწორი კვადრებით ნაგები XII-XIII სს-ის დარბაზული ეკლესიაა. ტაძარი მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. დასავლეთ კარზე ასომთავრული წარწერაა. სამხრეთით მიშენებულია კარიბჭე, რომლის სვეტებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის არქიტექტურა ორიგინალურადაა გადაწყვეტილი. გალავნით შემოსაზღვრულ შიდა ეზოში შესვლა მხოლოდ ტაძრიდან არის შესაძლებელი.
 
ავტორი: გამომცემლობა "კლიო"
ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.