გაგის ციხე იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", "მატიანე ქართლისა", "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი", "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", ბასილი ეზოსმოძღვარის "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი" ჟამთააღმწერელი, ვარდან დიდის "სომხეთის ისტორია", სტეფანოზ ორბელიანის "ცხოვრება ორბელიანთა", გრიგოლ აკანელის "მოისართა ტომის ისტორია", ჰამდალაჰ ყაზვინის "რჩეულთა ისტორია".
გაგის ციხე - ფოტო გუჯა კუპატაძე
ლოკალიზდება ქვემო ქართლში - სომხითში. სომხური წყაროებით "ვრაც-დაშტში" (ქართველთა ველზე), მდ. დებედას ქვემო წელზე. მდებარეობს ფართოდ გაშლილი ველის ცენტრში აღმართულ კლდოვან ბორცვზე, მდ. დებედადან 2-2.5 კმ დაშორებით, დღევანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფ. ყუშჩის მახლობლად, 0.5 კმ დაშორებით, სამხრეთ-დასავლეთით. გვიანდელ შუა საუკუნეებში გაგის ციხის კედლებზე დაუშენებიათ ციხესიმაგრე აღჯაყალა (თეთრციხე).
1069 წელს ბაგრატ IV-მ (1027-1072) აიღო გაგის ციხე. გიორგი II-ს (1072-1089) უღალატა ივანე ლიპარიტის ძემ და გაგის ციხე განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა, დავით აღმაშენებელმა (1089-1125) 1120 წელს აიღო გაგის ციხე. 1163 წ. გიორგი III-ის (1156-1184) მეფობისას მაჰმადიანთა კოალიციამ გაგის ციხე დაარბია. თამარის მეფობისას (1184-1207) გაგის პატრონი იყო ივანე ვარდანის ძე. მონღოლები საქართველოს გაგის მხრიდან შემოესივნენ. გიორგი IV (1207-1222) 1220 წ. აქ შეებრძოლა მონღოლებს. გაგის ციხეს ფლობდა ვარამის ძე აღბუღა. ციხე 1225 წ. დაარბია ჯალალ ედ-დინმა.
გაგის ციხე - ფოტო გუჯა კუპატაძე
გაგის ციხის ამგებად ასახელებენ გაგიკ I-ს (990-1002), რომელმაც ციხეს თავისი სახელი უწოდა (ვარდანი 1861: 15). ციხე ნანგრევების მიხედვით უფრო ადრეული ჩანს (მუსხელიშვილი 1960: 124). XV ს-ში მის ადგილზე წყაროებში იხსენიება აღჯაყალა (თეთრციხე), რომლის კედლის წყობაში ორი პერიოდი გამოირჩევა, ქვედა ადრეული კედელი ნაგებია თარაზულად ნაწყობი თანაბარი ზომის ქვის კვადრებით. ზედა, გვიანდელი პერიოდის კედლები კი - მცირე ზომის ფლეთილი ქვით არაწესიერი წყობით და დაშენებულია ადრეულ კედლებზე. ქვედა დონის შესატყვისი ფენიდან აკრეფილია XI-XIII სს-ის დამახასიათებელი მოჭიქული კერამიკის დიდი რაოდენობა. აღნიშნულ ბორცვზე აკრეფილია აგრეთვე ენეოლით-ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კერამიკის ფრაგმენტები.
გაგის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვა).
ავტორი: გურამ ხარშილაძე
საქართველოს ისტორია /History of Georgia